logo
ENG



მამულაშვილი: მთავრობამ, შესაძლოა, ქართველი მებრძოლები ჩამოსვლისთანავე რუსეთს გადასცეს

28 ივლ 202317:48
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, მთავრობამ, შესაძლოა, ქართველი მებრძოლები უკრაინიდან ჩამოსვლისთანავე რუსეთს გადასცეს.

"ხელისუფლება ატარებს პრორუსულ პოლიტიკას და ზედმეტია ლაპარაკი თავის მოქალაქეების დაცვაზე, მით უმეტეს მოქალაქეების, რომლებიც ფაქტიურად კონფრონტაციაში არიან, პირდაპირ ფიზიკურ კონფრონტაციაში არიან რუსეთთან. ეს უფრო დიდ საშიშროებას გვიქმნის მხოლოდ იმ მხრივ, რომ საქართველოს მთავრობა, არაადეკვატური მთავრობა შეიძლება წავიდეს თანამშრომლობაზე და გადასცეს საკუთარი მოქალაქეები [უკრაინიდან] საქართველოში ჩამოსვლისთანავე რუსეთს. მგონი, ამაზეც არის გათვლილი სწორედ ეს პროვოკაცია, იმიტომ, რომ ეს არის, შემიძლია დავარქვა დაშინების პოლიტიკის ნაწილი რუსეთის...

ეს არის იმ მებრძოლთა ნაწილი, ვისი გვარების გარკვევაც შეძლეს საქართველოს მთავრობასთან კოლაბორაციაში. სულ სხვადასხვა დანაყოფებიდან არიან ბიჭები, ქართული ლეგიონის დანაყოფებიდან, ესენი არ არიან ერთი დანაყოფის წევრები. უბრალოდ, ვიზეც ხელი მიუწვდებოდათ, სწორედ ის ინფორმაცია არის გადაცემული", - ამბობს მამულაშვილი.

დღეს რუსეთმა ქართული ლეგიონის 70-მდე წევრი, მათ შორის მამუკა მამულაშვილი, დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სამთავრობო მედია TASS-მა გაავრცელა.

29 ივნისს, რუსეთის საგამოძიებო კომისიამ 33 ქვეყნის 160 მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მათ შორის არიან ქართველი სამხედროები.

ამის შემდეგ, ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რომ "ინტენსიურად მიდის თანამშრომლობა" რუსეთის სპეცსამსახურებსა და საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს შორის. მისი თქმით, 1 წლის წინ რუსულ მხარეს სავარაუდოდ, 30-33 ქართველ მებრძოლზე ჰქონდათ ინფორმაცია, დღეს კი ეს რიცხვი 125-მდე გაიზარდა.


close დახურვა