მანდატურის სამსახური თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ფაქტს პოლიცია სწავლობს. რაც შეეხება თავად მოსწავლის მდგომარეობას, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
"ფორმულა" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"3 დეკემბერს, მანდატური ახორციელებდა სკოლის ტერიტორიის დისტანციურ მეთვალყურეობას, რა დროსაცმან ვიდეოკამერიდან შენიშნა, რომ შესვენების დროს, დერეფანში, უფროსკლასელი ბიჭების ხუმრობამ და თამაშმა უხეში ფორმა მიიღო. მანდატურმა ინფორმაცია მყისიერად გადასცა კოლეგას, რომელიც დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე. სიტუაციის განმუხტვის და ვითარებაში გარკვევისთანავე, მანდატურმა აღმოაჩინა, რომ მე-8 კლასის მოსწავლე ბიჭს მიყენებული ჰქონდა მცირე ფიზიკური დაზიანება. მას ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა, მანდატურის მითითებით, სკოლის ექიმმა მაინც გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა. თავად მანდატურმა კი ფაქტი აცნობა პოლიციას. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახურისა და სკოლის ადმინისტრაციის მიერ გატარდა უსაფრთხოების წესით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება. ამჟამად, ფაქტს პოლიცია სწავლობს. მე-8 კლასელი მოსწავლე ბიჭის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება",- ნათქვამია განცხადებაში.