საოჯახო მარანი ოდა აცხადებს, რომ სამეგრელოს გემო ფესტიდან პოლიტიკური ნიშნით მოხსნეს.
მათი თქმით, მარანი ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად საორგანიზაციო გუნდმა მიიწვია, შემდეგ კი მოულოდნელად მოხსნეს.
"ძვირფასო ხალხო, ვიცით, რომ ბევრი ელოდით ოდას სამეგრელოს გემო ფესტზე. ჩვენც მოუთმენლად ველოდით თქვენთან შეხვედრას!
სამწუხაროდ, ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო ამბის გაზიარება გვიწევს - გემო ფესტი / სამეგრელო ოდას, მარტვილის მარნის და კიდევ რამდენიმე მოქალაქეობრივად აქტიური, კარგი ადამიანის გარეშე ჩაივლის.
მას შემდეგ, რაც ივლისში ფესტივალის საორგანიზაციო გუნდმა მონაწილეობის მისაღებად მოგვიწვია, შემდეგ - ჩვენთვის ყველაზე დატვირთულ სეზონზე შევძელით და ორჯერ ჩავედით ზუგდიდში ჩვენი კერძებით, მოვიგეთ შეფმზარეულების გულები და მათთან ნაყოფიერად ვიმუშავეთ კერძების განვითარებაზე, გადავიღეთ პრომო რგოლები და ჩავწერეთ ინტერვიუები, გუშინ, საღამოს, მოულოდნელად შევიტყვეთ, რომ ვიღაცამ ფესტივალის სიიდან „მოგვხსნა“.
გემო ფესტი უნდა იყოს ლხინი, საყოველთაო სიხარული და ჩახუტება. სირცხვილია ყველაფრის პარტიულად თარგმნა, საზოგადოების „ჩემიანებად“ და „დანარჩენებად“ დაყოფა. გულითადი მოკითხვა ჩვენგან მათ, ვინც თავისი ვიწრო თვალსაწიერით საზღვრავს, თითქოს, ასეთი გაუქმებებით დაგვსჯის, ან გაგვაჩუმებს.
ასევე, ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ამ ამბით აღშფოთება პირად საუბრებს არ გასცდება და ხმამაღლა არ დაიგმობა", - ნათქვამია განცხადებაში.