logo
ENG



მარგველაშვილი: ლექსო ლაშქარავას ცხედრის გატაცება ტატუნაშვილის ამბავს მაგონებს

11 ივლ 202119:08
3 წუთის საკითხავი
 

რუსთაველის გამზირზე მთავრობის გადადგომის საპროტესტო, ანტისამთავრონო აქცია იწყება. 

აქცია 5 ივლისს სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაიგეგმა. 

აქციაზე მივიდა ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც ოპერატორის ცხედრის ექსპერტიზაზე ოჯახის თანხმობის გარეშე გადატანა, გატაცება დაგმო და ის არჩილ ტატუნაშვილის ამბავს შეადარა. 

რუსი ოკუპანტების მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 26 დღის შემდეგ გადმოსცეს. 

"ადამიანმა ომი გამოიგონა, მაგრამ ამ ომშიც გამოიგონა კანონები. როცა გარდაცვლილი ბრძოლის ველზე რჩებოდა, ცხედრის გადაცემის კულტურა იყო. როცა ცხედარს ოჯახს არ გადასცემ - მხოლოდ მეორე შემთხვევა მახსენდება არჩილ ტატუნაშვილის ამბავი, როცა ოკუპანტები შეურაცხმყოფელად მოიქცნენ. ცხედრის გატაცების სპეცოპერაცია ჩაატარეს. რა მორალია, რა ადამიანობაა, რა ხალხთან გვაქვს საქმე. არ არის ლაპარაკი პოლიტიკაზე, ევროპასთან ინტეგრაციაზე, დასავლეთზე. ვიღაცას ხომ თავში მოუვიდა, შევარდნილიყო დედასთან, რომელიც შვილს დასტიროდა და ცხედარი გაეტაცებინა" - თქვა გიორგი მარგველაშვილმა. 

ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დედამ გარდაცვლილი 11 ივლისს, გამთენიისას ნახა. ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს. მას ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია. 


close დახურვა