გადაცემაში "პოლიტმეტრი" საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი ქართული ოცნება 2012 წლის ნაციონალურ მოძრაობას ჰგავს.
მარგველაშვილის თქმით, ოცნება პოლიტიკოსებისგან დაცლილი პოლიტიკური ძალაა.
"მომავლის ვერხედვა, საზოგადოებისგან სრული გახლეჩა, უუნარობა, ენერგიისგან დაცლილობა, ეს იყო 2012 წელს ნაციონალური მოძრაობა. 2012 წელს ნაციონალური მოძრაობა რომ დარჩენილიყო, შევდიოდით ჩიხურ პერიოდში. ასეთივეა 2020 წელს ოცნება. ეს არის ოცნება, რომელიც პოლიტიკოსებისგან დაშლილია, შიგნით არ არიან ადამიანები, რომელთაც პოლიტიკური კომპეტენცია გააჩნიათ. ქვეყნის განვითარებისთვის, ეს იქნება აბსოლუტური ჭაობის კიდევ უფრო გაღრმავების პროცესი. მე არ ვუსურვებ ქართულ საზოგადოებას, რომ ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა მოიპოვოს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის ერთადერთი იდეოლოგიაა პარანოია მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი ძლიერი ფიგურაა, არამედ პარანოიის დროს, შეიძლება, ადამიანს შიში ნებისმიერი რამის მიმართ გაუჩნდეს.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. ქართული ოცნება ეცდება ხელისუფლებაში ზედიზედ მესამე ვადით მოვიდეს.