logo
ENG



მარგველაშვილმა ყველაზე კარგად იცის, რას არის ივანიშვილის ხელისუფლება შიგნიდან - გოცირიძე

21 ივნ 202015:14
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს ოპოზიციურ პარტიებში აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მარგველაშვილის როლი საპარლამენტო არჩევნებზე დიდი იქნება, რადგან მას აქვს მხარდაჭერა და ამავე დროს იცის, როგორ ებრძოლოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.

„გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში იგი იყო ერთხელ მოსული და ალბათ წარმოგვიდგენია ჩვენ, რომ, რა თქმა უნდა, ის იქნება ოპოზიციურ ფლანგზე. ექნება თუ არა უფრო მჭიდრო კონტაქტი რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, ეს მისი გადასაწყვეტია, ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ. მთავარია, რომ ის არის გამოცდილი პოლიტიკოსი და მან ყველაზე კარგად იცის, რას წარმოდგენს ივანიშვილი როგორც პიროვნულად, ასევე მისი ხელისუფლება შიგნიდან. ამიტომ მისი როლი იქნება დადებითი ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის პროცესში“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მოულოდნელი არ ყოფილა დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილისთვის. დეპუტატი ზვიად ძიძიგური არ გამორიცხავს, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საზოგადოებამ პროცესში სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც იხილოს.

„ძალიან საინტერესო პოლიტიკური პროცესი გველოდება. იქნება საინტერესო არჩევნები, მოხდება პოლიტიკური მინდვრის დივერსიფიკაცია. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ეს არ არის არც 2012 და არც 2016 წელი, რომ ორმა პარტიამ სააკაშვილის და ივანიშვილის პარტიამ პირობითად აიღოს 98%, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ამიტომ, ბევრი პოლიტიკური მოთამაშე გაჩნდება პოლიტიკურ მინდორზე“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

საქართველოს მე-4 პრეზიდენტი პოლიტიკაში დაბრუნებას აანონსებს. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. ის ხელისუფლებასთან რაიმე სახის თანამშრომლობას გამორიცხავს.


close დახურვა