logo
ENG



მარიკა წივწივაძის დედა: დამნაშავეები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ

09 ივლ 202120:10
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/09/8a69rmjy6pbyv6p.jpg

ილიაუნის ლექტორის, მარიკა წივწივაძის დედა, თალიკო თხელიძე დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. როგორც ის ფორმულასთან ამბობს, მისი შვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია.

"მაგრამ მარტო არა თანხის დაკისრებით, მე ვისურვებდი და კიდევაც არ გავჩერდები და მოვითხოვ ამ ხალხის დასჯას, ვინც ჩემი შვილი არ დაიცვა. ჩვენ არაერთხელ გამოვიძახეთ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მეც და ჩემი შვილიც პოლიციის განყოფილებაში ვისხედით ყოველდღე, მაგრამ ისინი არანაირ ყურადღებას არ გვაქცევდნენ", - ამბობს თალიკო თხელიძე.

მისივე თქმით, ახლა მთავრობამ უნდა გამოიძიოს ის დარღვევები, რაც მისი შვილის საქმეში იკვეთება:

"დამნაშავეები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს".

საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წააგო საქმე, რომელიც ყოფილი ქმრის მიერ ილიაუნის ლექტორის, მარიკა წივწივაძის მკვლელობას ეხება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პოლიციამ ქალი გენდერული ნიშნით ძალადობისგან ვერ დაიცვა. 

სტრასბურგმა დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მეორე მუხლი (სიცოცხლის უფლება) და მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის უფლება). სასამართლოს სარჩელით გარდაცვლილის დედამ, თალიკო თხელიძემ მიმართა. საქართველოს მოსარჩელისთვის 35 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. 

2014 წლის 17 ოქტომბერს მარიკა წივწივაძე მისმა ყოფილმა ქმარმა, ლაშა მაღრაძემ სამსახურში, ილიაუნიში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

ორგანიზაცია საფარი, რომელიც გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს იცავს აცხადებდა, რომ ყოფილი ქმარი წივწივაძეს მუდმივად უსწორდებოდა ფიზიკურად და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ასევე, რამდენჯერმე მას და მის შვილს მკვლელობით დაემუქრა.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მარიკა წივწივაძემ პოლიციას ჯერ კიდევ ქმართან თანაცხოვრების დროს მიმართა, ხოლო თბილისში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ კაცისგან მუქარას იღებდა. 

2017 წელს მარიკა წივწივაძის მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოსაც დაეკისრა. შსს-ს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება დედისათვის და ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაობლებული შვილისათვის სრულწლოვანებამდე.


close დახურვა