logo
ENG



მარიკაშვილი კომისიას: ის გააკეთეთ, რაც გთხოვეთ - ალტინფო ომის პროპაგანდისტებად გამოაცხადეთ

25 მარ 202201:30
3 წუთის საკითხავი
 
მარიკაშვილი კომისიას: ის გააკეთეთ, რაც გთხოვეთ - ალტინფო ომის პროპაგანდისტებად გამოაცხადეთ

იურისტი ედუარდ მარიკაშვილი ალტ-ინფოს წინააღმდეგ კომუნიკაციის კომისიის მიერ სარჩელის არდაკმაყოფილებაზე წერს, რომ ამის მიუხედავად, კომისიამ იგი აღიარა ომის პროპაგანდისტად. მისი თქმით, ეს ნიშნავს, "რეალურად მოიგო მაშინაც, როდესაც ფორმალურად აგებ".

"მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საჩივარი დაუშვებლად სცნო კომისიამ. იქვე აღიარა, რომ ალტინფო ომის პროპაგანდას ეწევა. სტრატეგიული სამართალწარმოება ჰქვია ამას. რეალურად მოიგო მაშინაც, როდესაც ფორმალურად აგებ. მოიგო იმიტომ, რომ წაგებითაც ზუსტად იმ მიზანს მიაღწიო რასაც მოგებით მიაღწევდი. თან შეინარჩუნო უფლების დაცვის არსებული მაღალი სტანდარტი. [...]

დიახ, მე ვთხოვდი კომისიას დაედგინა, რომ ალტინფო რუსეთის უკრაინაში  კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ამართლებს. კომისიამ, ცალი ფეხი ნაპირზე დატოვა, მეორე გემზე. ასეა ეხლა გაშეშებული. რატომ? დანაშაულს კი ამართლებენ (რისთვისაც შეეძლოთ პასუხისმგებლობის დაკისრება და არ დააკისრეს, უფრთხილდებიან მაინც), მაგრამ მათ ამ საშინელ რიტორიკას დანაშაულის გამართლებამდე როგორ დავაკნინებთ, ეს ომის პროპაგანდააო. ომის პროპაგანდა კი თვითრეგულირების საკითხია, ჩვენ არ გვესაქმებაო. ომის პროპაგანდა თვითრეგულირებაა კი. მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც ერთი იურისტი, ვფიქრობ სახელმწიფოს უსაფრთხოება გაცილებით მეტს მოითხოვს, თქვენ ბატონებო, ეს მეტი არ გეკუთვნით. მეტი ბერკეტებით პუტინს დაემგვანებით - "მაიმუნს ხელში ავტომატით". უფრო მეტიც, თქვენ ზუსტად ის გააკეთეთ, რაც მე გთხოვეთ - ალტინფო ომის პროპაგანდისტებად გამოაცხადეთ. ავტომატი კი, ჩემს გარეშეც შეგიძლიათ ხელში დაიკავოთ. ვიცი, რომ ამის დიდი სურვილი გაქვთ", - წერს ის.

24 მარტს კომუნიკაციების კომისიამ ძალადობრივ, პრორუსულ ორგანიზაცია ალტ-ინფოს წინააღმდეგ ედუარდ მარიკაშვილის საჩივარი დაუშვებლად ცნო.

მარიკაშვილი არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მქონე ინფორმაციის გავრცელებისთვის ალტ-ინფოს სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვდა. საჩივრის მიხედვით, ტელეკომპანია ცდილობდა რუსეთის აგრესიული სამხედრო ინტერვენციის ეფექტების ნორმალიზაციას, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის მორალური საფუძვლის წარმოჩენასა და მის დასაბუთებას. 

კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონით ომის პროპაგანდის გავრცელების შემთხვევაში რეაგირება, მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.


close დახურვა