logo
ENG



მარიუპოლის მერი: საბავშვო საავადმყოფოს დაბომბვისას 50-მდე ადამიანი ცოცხლად დაიწვა

06 აპრ 202222:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/06/i6fj1qse85bh7lq.jpg

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, საბავშვო საავადმყოფოს დაბომბვისას 50-მდე ადამიანი ცოცხლად დაიწვა

მისი თქმით, ქალაქი ახლა სრულიად არის დანგრეული რუსი ოკუპანტების მიერ. განადგურებულია ინფრსტრუქტურის 99%, მათი 40% კი აღდგენას არ ექვემდებარება. 

ბოიჩენკოსვე განცხადებით, რუსების ყველაზე მთავარი დანაშაული - ათასობით მოკლული მშვიდობიანი მარიუპოლელია

"მხოლოდ წინასწარი შეფასებით, მარიუპოლში ბლოკადის ერთი თვის განმავლობაში 5000 ადამიანი მოკლეს, რომელთაგან დაახლოებით 210 ბავშვი იყო. რუსეთის ტერორისტულმა ჯარებმა რამდენიმე სუპერძლიერი ბომბი ესროლეს ბავშვთა საავადმყოფოს, გაანადგურეს ქალაქის საავადმყოფოს ერთ-ერთი შენობა. თითქმის 50 ადამიანი ცოცხლად დაწვეს. დაბომბეს დრამატული თეატრი, სადაც იმ დროისთვის თავს 900-ზე მეტი ადამიანი აფარებდა. ეს მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია". - განაცხადა მარიუპოლის მერმა. 

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მას შემდეგ ქალაქი მარიუპოლი ალყაშია. მოქალაქეების ნაწილი ევაკუირებულია, თუმცა, რუსი თავდამსხმელები საევაკუაციო მანქანებს ესვრიან და მათ მიერ ქალაქის დატოვებას ხელს ართულებენ. გადარჩენილი ადამიანები სარდაფებში, შიმშილით და უწყლობით იხოცებიან. მათ ნაწილს რუსი ჯარისკაცები თავისივე სახლებში კლავენ. 

6 აპრილს მარიუპოლის საკრებულომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსებმა ადგილზე მობილური კრემატორიუმები ჩაიტანეს, რათა მოკლული მოქალაქეების ცხედრები დაწვან და თავიანთი დანაშაულის კვალი დაფარონ. 


close დახურვა