logo
ENG



მარიუპოლის მერია: ოკუპანტები მოსახლეობას იტაცებენ, პასპორტს ართმევენ და რუსეთში აგზავნიან

20 მარ 202212:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/20/docvjyb7m9iihcw.jpg
Evgeniy Maloletka / AP

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერიის ინფორმაციით, რუსული ჯარები მარიუპოლის მოსახლეობის ნაწილს იტაცებენ, პასპორტს ართმევენ და რუსეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.

მერია იუწყება, რომ გატაცებული მოსახლეობა ე.წ გასაფილტრავ ბანაკებში გადაჰყავთ, სადაც რუსი ჯარისკაცები მათ ტელეფონებსა და დოკუმენტებს ამოწმებენ, პასპორტს ართმევენ, დათვალიერების შემდეგ კი მარიუპოლის ზოგიერთი მცხოვრებს რუსეთის შორეულ ქალაქებში ან უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აგზავნიან.

“რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალები, მარიუპოლის მოსახლეობას ძალის გამოყენებით აიძულებენ რუსეთში, ან დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე გადასვლას. დღეს დილის 8 საათის მონაცემებით, გვაქვს ინფორმაცია, რომ აზოვსტალისა და მარიუპოლის მარცხენა სანაპიროს ქუჩების მოსახლეობა არალეგალურად გადაჰყავთ მტრის ტერიტორიაზე.

ხალხს, ვინც იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ართმევენ უკრაინის პასპორტს და სანაცვლოდ აძლევენ ქაღალდს, რომელსაც არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს და არაა აღიარებული ცივილიზებულ სამყაროში“, - წერს მარიუპოლის მერია ტელეგრამზე.

მერიის ინფორმაციით, გასულ კვირაში რამდენიმე ათასი მარიუპოლელი უკვე გაგზავნეს რუსეთში. საოკუპაციო ძალებმა ისინი მარცხენა სანაპიროზე არსებული დასახლებებიდან და იმ სპორტულ კლუბში მოწყობილი თავშესაფრიდან გაიტაცეს, სადაც ათასზე მეტი ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები ბომბებს თავს აფარებდნენ.

ქალაქის მერი, ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ ხალხის მოტაცებითა და იძულებით გადაადგილებით რუსეთი 21-ე საუკუნეში ნაცისტური გერმანიის მეთოდებს იმეორებს.

რასაც ოკუპანტები დღეს აკეთებენ ძველი თაობისთვის, ვინც მეორე მსოფლიო ომის საშინელი მოვლენები იხილა ნაცნობია, მაშინ ნაცისტები იტაცებდნენ ხალხს.

რთული წარმოსადგენია, რომ 21-ე საუკუნეში ხალხს ძალის გამოყენებით აგზავნიან სხვა ქვეყანაში. რუსული ჯარები მხოლოდ ჩვენს მშვიდობიან მარიუპოლს აღარ ანადგურებენ, მათ კიდევ უფრო შორს შეტოპეს და დაიწყეს მარიუპოლის მოსახლეობის დეპორტი. რუსული მხარის მიერ ჩადენილი ყველა ომის დანაშაული სასტიკად უნდა დაისაჯოს“, - განაცხადა მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ.

 

close დახურვა