logo
ENG



მარიუპოლის მერის მრჩეველი ამბობს, რომ მარიუპოლში სასმელი წყლის დეფიციტი სახიფათო ზღვარზეა

05 ივნ 202221:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/05/bdvlgq9ips6esfa.jpg
30 მაისი - მარიუპოლი
AFP

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშენკო აცხადებს, რომ მარიუპოლში სასმელი წყლის დეფიციტი სახიფათო ზღვარზეა.

მისი თქმით, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებენ, ადამიანებს სასმელი წყლის მისაღებად უწევთ დარეგისტრირება და წყალს მხოლოდ ყოველ 2 დღეში ერთხელ იღებენ.

მარიუპოლში ბრძოლები 2 თვეზე მეტხანს გაგრძელდა და გაანადგურა ელექტროენერგიის, გაზის და წყლის ინფრასტრუქტურა. ანდრიუშენკო აცხადებს რომ ეს აუცილებელი ინფრასტრუქტურა რუსეთის მხარდაჭერილ ადგილობრივ ე.წ ხელისუფლებას ამ დრომდე არ აღუდგენია.

„წყლის ოდენობა მანამდეც მცირე იყო, მაგრამ ახლა ერთბაშად შემცირდა. საჭიროა რიგში დარეგისტრირება. მომავალში ტემპერატურა გაიზრდება, წყლის დონე დაიწევს და ნაკლები წყალი იქნება“ - განაცხადა ანდრიუშენკომ.

პეტრო ანდრიუშენკო, რომელიც თავად არ მყოფება მარიუპოლში აცხადებს, რომ წყალი, რომელსაც მოსახლეობა ოკუპანტებისგან იღებს მხოლოდ ადუღების შემდეგაა სასმელად ვარგისი. თუმცა, მისი თქმით, ადამიანებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ  წყლის ადუღების შესაძლებლობა და პირდაპირ მოიხმარენ მას. შედეგად კი, ანდრიუშენკოს თქმით, მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

მერის მრჩეველმა კვლავ ისაუბრა ეპიდემიის საფრთხეებზე, რასაც მთელი ქალაქის მასშტაბით დიდი რაოდენობით ნაგავი და მიწის ზედაპირთან ახლოს დაკრძალული მიცვალებულთა ცხედრები ქმნის.

„რთულია იმის თქმა [რა ტიპის ეპიდემია იქნება]. ჩვენ ველით ქოლერას ან ნებისმიერ სხვა გავრცელებულ ეპიდემიას რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტს უკავშირდება. ეს შესაძლოა, არაჰიგიენური პირობების შედეგად მოხდეს. ყველაზე უარესი ისაა, რომ ისეთ მარტივ რამესაც კი, როგორიც დიზენტერიაა ამ პირობებში და დისფუნქციური სამედიცინო სისტემის, წამლების ნაკლებობის, ლაბორატორიების და იმ ყველაფრის ნაკლებობის პირობებში, რასაც მიჩვეული ვართ, მარიუპოლში ვაქცინების ნაკლებობის პირობებში... დიზენტერიასაც კი შეუძლია ათობით ათასი მოკლას“ - განაცხადა პეტრო ანდრიუშენკომ.

ოფიციალურად მარიუპოლში ამ დრომდე დიზენტერიის ან სხვა ეპიდემიური დაავადებების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.


close დახურვა