მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ მარიუპოლის სიახლოვეს, სოფელ ვინოგრადნეში კიდევ ერთი მასიური საფლავი აღმოაჩინეს.
20 აპრილს გადაღებულ სატელიტურ ფოტოებში ჩანს, რომ მასიური საფლავის სიგრძე 45 მეტრი, სიგანე კი 25 მეტრია. ბოიჩენკოს თქმით, აქ რუსების ხელით მოკლული მინიმუმ 1 000 მარიუპოლელის ცხედარი შეიძლება იყოს.
ბოიჩენკოს თქმით, ამგვარ მასიურ საფლავების რაოდენობა გაიზრდება, რადგან მარიუპოლში დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ათობით ათასია.
„ჩვენ, სამწუხაროდ, უფრო და უფრო მეტ ასეთ საფლავებს ვნახავთ. მათი ტერიტორიები გაიზრდება, რადგან დაღუპულთა რიცხვი ათობით ათასია. ეს ევროპაში ჰოლოკოსტის შემდეგ ყველაზე მასშტაბური გენოციდია.
მინიმუმ 15 000 ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე მარიუპოლის მოსახლე შესაძლოა დაიღუპოს. სხვა თუ არაფერი დაბლოკილ ქალაქში სასმელი წყლის, საკვებისა და მედიკამენტების კატასტროფული დეფიციტია“ - აცხადებს მარიუპოლის მერი.
ბოიჩენკოს თქმით, ოკუპანტებს არ აღელვებთ მარიუპოლი. ამიტომ უკრაინა მარიუპოლის დასახსნელად მსოფლიოს მიმართავს. "ქალაქის ევაკუაცია უნდა მოხდეს. დაუყოვნებლივ." - აცხადებს მარიუპოლის მერი.
21 აპრილს მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში მარიუპოლის სიახლოვეს მასიური საფლავები აღმოაჩინეს.
მისი თქმით, ოკუპანტებმა მასობრივი საფლავები მარიუპოლთან ახლოს სოფელ მანგუშში შექმნეს. თითოეული ასეთი საფლავის ზომა 30 მეტრამდეა.