logo
ENG



მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენებამდე დონეცკის რეჟიმი ამის აუცილებლობაზე საუბრობდა

12 აპრ 202211:10
3 წუთის საკითხავი
 

მარიუპოლში სავარაუდოდ ქიმიური იარაღის გამოყენებამდე რამდენიმე საათით ადრე ოკუპირებული დონეცკის რეჟიმის წარმომადგენელმა, ედუარდ ბასურინმა რუსულ პროპაგანდისტულ არხზე თქვა, რომ ხედავს შესაძლებლობას, მარიუპოლში უკრაინელების წინააღმდეგ სწორედ ქიმიური იარაღით იბრძოლონ. 

კერძოდ, როგორც ბასურინმა თქვა, მარიუპოლის მცველები აზოვ სტალის ქარხანაში არიან გამაგრებულები და მათი შტურმით აღების შესაძლებლობა არ არსებობს, ვინაიდან ეს რუსულ ჯარში დიდ ფიზიკურ დანაკარგს გამოიწვევს.

ამიტომ, მისი განცხადებით, საჭიროა ქიმიური ჯარების ჩართვა, ვინაიდან აზოვის ბატალიონის და მარიუპოლის მცველების დამარცხება მხოლოდ მასობრივი განადგურების იარაღით არის შესაძლებელი.

"იქ ბევრი ბეტონი და რკინაა, მიწისქვეშ არის რამდენიმე სართული. ამიტომ, ამ ობიექტის შტურმის აღებას აზრი არ აქვს. ეს გამოიწვევს ჩვენი ჯარისკაცების დიდ მსხვერპლს, მტერს კი ზიანი არ მიადგება. ამიტომ, ამ დროისთვის საჭიროა ამ ობიექტის განბლოკვაზე მუშაობა. უნდა შევისწავლოთ მისი ყველა შესასვლელი და გამოსასვლელი. ამის შემდეგ უნდა მივმართოთ ქიმიურ ჯარს, რომ მათ მოძებნონ გზები, თხუნელები გვირაბიდან გამოვიტყუოთ". - თქვა ბასურინმა.

11 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე აზოვის ბატალიონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინელი სამხედროების და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მარიუპოლში უცნობი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს. რუსებმა ის უპილოტო საფრენი აპარატით ჩამოაგდეს. 

ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ალყაშია. რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ ინფრასტრუქტურას, სასტიკად უსწორდებიან, აწამებენ და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. მათი ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა, მოქალაქეთა ნაწილი კვლავ ქალაქში რჩება. ისინი სარდაფებში უწყლობით და შიმშილით იხოცებიან. რუსი ჯარისკაცები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს არ უშვებენ. 

მარიუპოლში რუსების წინააღმდეგ აზოვის ბატალიონი და 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა იბრძვის. 

უკრაინა მათი სამხედრო ძალით დახმარებას ვერ ახერხებს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა თქვა, უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქამდე ვერ მივლენ, ვინაიდან მათ რუსული არმია როსტოვის ოლქიდან და ყირიმიდან დაბომბავს იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორია, რომელიც რუსულმა ავიაციამ უნდა გადაიფრონოს, რუსეთის მიერ კონტროლდება. 


close დახურვა