მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქში შესაძლოა ინფექციური დაავადებების აფეთქება მოხდეს.
როგორც ბოიჩენკომ აღნიშნა, რუსი ოკუპანტების თავდასხმების შედეგად მარიუპოლში 22 ათასი ადამიანი დაიღუპა, რასაც მოკლული მოქალაქეების ქაოსური დასაფლავებები მოჰყვა.
ბოიჩენკო ამბობს, რომ ამ დროისთვის ოკუპანტების ტყვეობაში 100 000-ზე მეტი ადამიანი რჩება, რომლებსაც რუსი სამხედროები ქალაქიდან არ უშვებენ.
"ამას ემატება კანალიზაციის პრობლემა - ის არ მუშაობს. შესაბამისი სამსახურები ვერ იღებენ ნაგავს, ასევე მოქმედებს ამინდიც - იწყება ზაფხული და ტემპერატურა მატულობს. ამიტომ, ჩვენი ექიმები გვაფრთხილებენ, იმ საფრთხის შესახებ, რომელიც ამ ზაფხულს შეიძლება მოხდეს - ინფექციური დაავადებების აფეთქება - დიზენტერია, ჭირი და სხვა. ამ დაავადებებს შეუძლია ათასობით მარიუპოლელის სიცოცხლე შეიწირონ", - აღნიშნა მერმა.