logo
ENG



მარიხუანისა და კანაფის ფლობაზე, ან მოყვანაზე სასჯელები მკაცრდება

02 ივლ 202515:31
3 წუთის საკითხავი
 
2025/07/02/y9j967w5y740yzu.png

"ქართული ოცნების" პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლებითაც მარიხუანისა და კანაფის ფლობაზე, ან მოყვანაზე სასჯელები მკაცრდება.

ცვლილებების მიხედვით, კანაფის 10-დან 155 გრამამდე, ნედლი მარიხუანას 10-დან 140 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას 5-დან 70 გრამამდე შეძენა და შენახვა 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს.

უკანონო დამზადება და გადაზიდვა კი 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

უფრო დიდი რაოდენობით, კერძოდ, მცენარე კანაფის 155-დან 750 გრამამდე, ნედლი მარიხუანას 140-დან 500 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას 70-დან 250 გრამამდე შეძენისა და შენახვის გამო, ადამიანს ციხეში 5-დან 8 წლამდე პერიოდის გატარება მოუწევს. ამავე ოდენობით აღნიშნული საშუალებების დამზადება და გადაგზავნა კი 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას გამოიწვევს.

ცვლილებებით გამკაცრდა კანაფის მოყვანასთან დაკავშირებული სასჯელებიც. 155 გრამამდე კანაფის მოყვანისთვის, პირს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება. ალტერნატიული ზომებია საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან შინაპატიმრობა.

ამასთანავე, თუ აქამდე მცირე რაოდენობით მარიხუანის მოყვანისთვის ადამიანი 500 ლარით დაჯარიმდებოდა, ახლა იგივე ქმედება 500-დან 5000 ლარამდე ჯარიმას გულისხმობს. ადმინისტრაციული წესით დაპატიმრების ვადა კი 15 დღიდან 60 დღემდე გაიზარდა.

ამავე ინიციატივის მიხედვით, 260-ე მუხლს დაემატება ჩანაწერი, რომელიც მარიხუანასა და კანაფს სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს უთანაბრებს.

 

 


close დახურვა