მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში დილიდან პოლიცია იყო მობილიზებული.
საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ მომხდარ ძალადობის შემთხვევას. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც საპატრულო პოლიციას მიმართა, ამბობს, რომ ის სოფელში რამდენიმე ადამიანმა ბოძზე მიაბა.
შსს-ს განცხადებით, მომხდარის გამო, 4 ადამიანი დააკავეს. გამოძიების ცნობით, 15 ივლისს მათ მამაკაცი იძულებით ჩასვეს მანქანაში, წაიყვანეს ერთერთ სახლში და ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი სოფლის ცენტრალურ მოედანზე გამოიყვანეს და სცემეს. უწყება ამბობს, რომ ბრალდებულების მოტივი შურისძიება იყო.
როგორც ირკვევა, დაზარალებული სხვა სოფლის მკვიდრია. ადგილობრივები ამბობენ, რომ კონფლიქტი სოფლის ერთერთ მაცხოვრებელ ქალთან მის ურთიერთობას მოჰყვა.
ადგილობრივები არ უარყოფენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გაკოჭეს. მათი თქმით, დაუკავშირდენენ როგორც მამაკაცის, ასევე ქალის მშობლებს, დაზარალებული კი მათ მისვლამდე ბოძზე მიბმული ჰყავდათ.
სოფლის ზოგიერთი მაცხოვრებელი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს და ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისში, პარლამენტის შენობასთან, საპროტესტო აქციას გამართავს.