logo
ENG



მაუწყებელში სუსია - აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების პროტესტი

29 თებ 202012:07
3 წუთის საკითხავი
 

მაუწყებელში სუსია - ამ სლოგანით აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებმა პროტესტი ერთწუთიანი დუმილით პირდაპირ ეთერში გამოხატეს. აქციის მონაწილეებმა ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის თანამდებობიდან გათავისუფლება გააპროტესტეს.

ორი კვირის განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრული ორი პირი გაათავისუფლა. ჟურნალისტები და ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენლები პროცესების ასეთ განვითარებას თავიდანვე პროგნოზირებდნენ.

როგორც გუშინ „გადაცემა პოლიტიკის“ ფორმულაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტმა თეონა ხარაბაძემ განაცხადა, ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა, რადგან ახალი ამბები ორი მნიშვნელოვანი სარედაქციო პოლიტიკის განმსაზღვრელი პირის გარეშეა დარჩენილი.

მისივე თქმით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები პროტესტს არ შეწყვეტენ და ბოლომდე იბრძოლებენ სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის, რათა მაუწყებლის ეთერში თითოეული მოქალაქის ხმა ისმოდეს.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ტელევიზიის დირექტორის  გადაყენების შემდეგ, საბჭომ ახალ ხელმძღვანელად გიორგი კოხრეიძე დანიშნა. თანამშრომელთა ნაწილი არჩევნებამდე აცხადებდა, რომ კოხრეიძის არჩევა საფრთხეს შეუქმნიდა არხის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას.

კოხრეიძის არჩევის შემდეგ არხი ტელევიზიის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ ნათია ზოიძემ დატოვა. იქამდე კი არხიდან წავიდნენ ჟურნალისტები ზვიად ქორიძე და მარინა ვაშაყმაძე.

 


close დახურვა