logo
ENG



მაქარაშვილი საარჩევნო სისტემაზე: ეს გამარჯვებაა, მაგრამ მთელი ბრძოლა წინ არის

09 მარ 202009:07
3 წუთის საკითხავი
 

ყველა მზად უნდა იყოს, რომ ხელისუფლეფამ დაპირება შესაძლოა კვლავ არ შეასრულოს, ასე აფასებენ სამოქალაქო მოძრაობების წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ოპოზიციასა და მმართველი გუნდის შორის მიღწეულ შეთანხმებას. მათი თქმით, ეს  გამარჯვებაა, თუმცა მთავარი  ბრძოლა ჯერ წინ არის. 

„სირცხვილიას“ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ ახლა მნიშვნელოვანია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი.

„ეს იყო ქართველი ხალხის დაკვეთა, რომ მიგვეღო უკეთესი საარჩევნო სისტემა, ვიდრე ახლა გვაქვს. ეს არ არის პროპორციული საარჩევნო სისტემა, მაგრამ ძალიან მიახლოებულია მასთან. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების ამბავია. ივანიშვილი გამოუვალ მდგომარეობაშია, არჩევნები ჩატარება მოუწევს ყველა შემთხვევაში. ეს არის გამარჯვება, მაგრამ მთელი ბრძოლა წინ არის“, - განაცხადა მაქარაშვილმა.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრი ნიკა ფარულავა კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციასა და მთავრობის შორის არსებული შეთანხმება ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

„კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ივანიშვილი მარცხდება. მას მოუწია უკან დაეხია, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური ერთობისა და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლას ვერ გაუძლო და ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ დამარცხდა. ამ გამარჯვებას ოქტომბერში გავაფორმებთ. დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს დემოკრატიულ მომავალს საფრთხე არ ემუქრება და ივანიშვილი და რუსული ოცნება ამ ქვეყანაში დასრულდება. დიდი მადლობა პოლიტიკურ პატიმრებს, რომლებიც არ გატყდნენ და ჩვენთან ერთად ბოლომდე იბრძოლეს“, - განაცხადა ფარულავამ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის თქმით, 40%-იანი ჩამკეტი საარჩევნო სისტემით მეტ-ნაკლებად გამოხატული იქნება ამომრჩევლის საარჩევნო ნება.

„ამ შეთანხმებიდან ყველაზე ნათელი არის 1%-იანი ბარიერი, ეს არის 40%-იანი ჩამკეტი, რომლის მიხედვითაც თუ პარტია იღებს 40%-ზე ნაკლებს, ვერ დააკომპლექტს ცალკე აღებული მთავრობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს სრულად პროპორციული სისტემა არ არის, ეს მოდელი იძლევა საშუალებას, რომ ამომრჩევლის ნება წარმოდგენილი იყოს პარლამენტში სათანადოდ, ვიდრე დღეს არსებული კანონმდებლობის პირობებში“, - აცხადებს სალაძე.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარი იქნება. 

გარდა ამისა, არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდება და იქნება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული პარტია მთავრობას იიმ შემთხვევაში დააკომპლექტებს თუ ხმების 40%-ზე მეტს დააგროვებს.


close დახურვა