მალხაც მაჩალიკაშვილი შვილის მკლელობის საქმეს ეხმაურება და მიმდინარე პროცესებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკითხვა არაფრისმომცემია.
როგორც მაჩალიკაშვილი „ფორმულასთან" განმარტავს, უკვე გამოკითხული მაღალჩინოსნების გარდა, საქმეზე კიდევ ბევრი პირია დასაკითხი. ვახტანგ გომელაურმა, სოსო გოგაშვილმა და ირაკლი ჩიმაკაძემ გამოძიებას ჩვენებები სპეცოპერაციიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ მისცეს.
"ახლა რატომ დაიწყეს ამათი დაკითხვა და დაბარებები. ეს ჩემთვის არაფრისმომტანია და არაფრისმომცემია. მე ვითხოვ სახელმწიფომ აღიაროს დანაშაული. რადგან სტრასბურგმა დაიწყო საქმის წარმოება, აქედან გამომდინარე შეეცდებიან საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ. ვითხოვ, რომ შეიქმნას დროებითი კომისია და თუ უარს გვეტყვიან, ვაიძულებ დღევანდელ ხელისუფლებას, რომ პარლამენტში შეიქმნას ეს კომისია,"-აცხადებს მაჩალიკაშვილი.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ გამოძიების შედეგი არ დამდგარა. აღნიშნული მიუთითებს პროკურატურის უუნარობაზე, ამიტომ საქმის წარმოება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უნდა განაგრძოს.
"გავიდა ორი წელი და დღემდე დაუდგენელია ადგილი ჰქონდა დანაშაულს თუ ეს იყო ლეგიტიმური სპეცოპერაცია. თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლულია და გამოძიების შედეგი ჯერ კიდევ არ გვაქვს. შესაბამისად, "ევროპული საქართველო" პრინციპულად მიიჩნევს ამ საკითხის გადაწყვეტას. ამ საკითხზე, საბოლოო ჯამში, ჭეშმარიტების დადგენას და თუ ამას ვერ აკეთებს პროკურატურა და საგამოძიებო უწყებები, მაშინ ეს თემა და სიმართლის დადგენა, საკუთარ თავზე უნდა აიღოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ,-" აცხადებს ოთარ კახიძე.
შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრეს. 19 წლის ახალგაზრდა 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.