logo
ENG



მაჩალიკაშვილი:იმასათვის, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ჯოჯოხეთს გავდივარ

06 ნოე 201908:22
3 წუთის საკითხავი
 
ohrnfmrw2ocfe03.jpg

პანკისის სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ისევ ითხოვს.  როგორც მაჩალიკაშვილი "ფორმულასთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და განმარტავს, რომ ხელისუფლება სიმართლის დამალვას ცდილობს. 

"პირველივე დღიდან ვიძახი, რომ ხელისუფლება და დღევანდელი სისტემა ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ სამართალი ხალხში არ გავიდეს. ცდილობს ყველაფერი დაფარული იყოს. საქმეს დღემდე წელავენ. იმასათვის, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას, გავდივარ ჯოჯოხეთს. კომისია თავის სათქმელს იტყვის და ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა. ხელისულებაში სიმართლეს არ იტყვიან", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

პარალელურად კი სააგენრო "ინტერპრესნიუსმა" გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე შესაძლოა, აღარ გამოიძიოს. პროკურატურამ მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელობაზე სპეცრაზმელების მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობის გადაცდენის ფაქტები ვერ აღმოაჩინა. ადვოკატის, თამთა მიქელაძის განცხადებით, გამოძიების დასრულების შემთხვევაში, პროკურატურას მოუწევს ამის მიზეზი განმარტოს. 

"უნდა ითქვას, რომ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ პროკურატურაში და უწყება უთითებს, რომ მათ კიდევ დარჩათ საგამოძიებო მოქმედებები ჩასატარებელი. გვაქვს მაღალი შიშები და ეჭვები იმის შესახებ, რომ პროკურატურას არ ეყოფა დამოუკიდებლობა და პოლიტიკური გამბედაობა იმისა, რომ ამ საქმეზე ობიექტური და დამოუკიდებელი გამოძიება უზრუნველჰყოს. გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, პროკურატურას მოუწევს ახსნას მიზეზი, რატომ ვერ დაინახა ამ შემთხვევაში კანონის დარღვევა", - განაცხადა მიქელაძემ "ფორმულასთან" საუბარში. 


close დახურვა