ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, შემოსავლების სამსახურში ამ დროისთვის კომპენსაციის მოთხოვნის შესახებ 14 300-ზე მეტი განაცხადია შესული.
მისი თქმით, მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროს უკვე გადაეგზავნა და იმ ადამიანებზე, ვინც განაცხადი შეავსო, კომპენსაციების გაცემა მალე დაიწყება.
"კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მეწარმეებს, ვისაც შეეხო 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები, რომ ისარგებლონ შემოსავლების სამსახურის პორტალით, სადაც არის შესაბამისი ფორმა, საკმაოდ მარტივი. უნდა მიუთითონ დასაქმებულის ვინაობა, ასევე, მისი პირადი მონაცემები და საბანკო ანგარიში, რის შემდეგაც ჩვენ გადავაგზავნით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში და იქიდან მოხდება კომპენსაციების გაცემა", - განაცხად მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, განაცხადების შევსების პროცესი 24 დეკემბრამდე გაგრძელდება, ინფორმაციის დაზუსტება კი 28 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.
"მინდა შევახსენო ყველას, რომ ეს პროცესი გაგრძელდება 24 დეკემბრამდე, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დრო. თუმცა, შესაძლებელი იქნება 28 დეკემბრამდე დაზუსტება. მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები სწორად იქნას მოწოდებული. პასუხისმგებლობა ეკისრება იმ გადამხდელს, ვინც მოახდენს ამ ინფორმაციის მოწოდებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ცნობისთვის, 26 ნოემბერს, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თვითდასაქმებული მოქალაქეების სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ. მისივე თქმით, 1200-ლარიანი დახმარების პროგრამა გაგრძელდება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვებია დაწესებული. მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე.
28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში და სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაკეტილი იქნება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება.
კონკრეტულად:
- იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
- აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა შეზღუდვა აღდგება.