logo
ENG



მაჭარაშვილი: ოპოზიცია გაწიწმატდება, თუ მშვიდობიანად მთლიანობის აღდგენა უფრო რეალური გახდება

29 სექ 202415:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/29/w373g0dem7kdct7.jpg

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი რუსეთის საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომლის თანახმადაც მოსკოვი მზადაა, საქართველოს "მეზობელ ქვეყნებთან" - აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, მიესალმება.

მაჭარაშვილი ლავროვს განცხადებას უწონებს და აღნიშნავს, რომ რუსი მინისტრის ნათქვამი "დამაჯერებელი გახდება, თუ მოსკოვი პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს".

"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იმდენად ქართული ოცნებაა, რომ ჩვენ მივესალმებით განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არ ჩაერევა ქართულ აფხაზურ და ქართულ ოსურ ურთიერთობებში, თუმცა ეს განცხადება დამაჯერებელი გახდება, თუ რუსეთი გადადგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს და თავის ჯარებს გაიყვანს საქართველოს ტერიტორიიდან", - თქვა მაჭარაშვილმა.

ამავე კონტექსტში მაჭარაშვილმა ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა. მისი რიტორიკა მმართელი პარტიის და კრემლის რიტორიკის მსგავსი იყო.

"რაც უფრო რეალური გახდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობის ფორმატში, მით უფრო გაწიწმატდებიან ე.წ NGO და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები. რატომ? იმიტომ, რომ მათი პატრონების ინტერესში, უცხოურ ძალას ვგულისხმობ, არ შედის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანად. გავიხსენოთ მათი და მათი დამკვეთების განცხადებები, რომ თითქოს რუსეთი შესუსტდა და ახლა, შევვარდეთ და შევიჭრათ აფხაზეთში. ამიტომ არიან ისინი პირდაპირი გაგებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინააღმდეგი", - განაცხადა მაჭარაშვილმა.  

***

28 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოს "მეზობელ ქვეყნებთან" - აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, "თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან, მათ შორის, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით". თავის განცხადებაში ლავროვმა ქართული ოცნება ისევ შეაქო. 

 

 


close დახურვა