logo
ENG



მაჭარაშვილი: ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა

30 აგვ 202116:03
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი სასულიერო პირის მხრიდან ჟურნალისტის უშვერად გინებაში პრობლემას ვერ ხედავს. 

როგორც მან თქვა, "ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველა კითხვის დასმა შეუძლია", ამასთან, მისი თქმით, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის პრობლემა არც სასულიერო პირებს აქვთ და კონკრეტული შემთხვევების განზოგადების საფუძველიც არ არსებობს. 

გურამ მაჭარაშვილმა ფორმულას ჟურნალისტზე ბერის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ დასმული კითხვის პასუხად თქვა: 

"ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რა ფუნქციები გააჩნია ჟურნალისტს. ჟურნალისტი არ არის აბსოლუტურად ხელშეუხებელი, არ არის ის პირი, რომელსაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა. ეკლესიის წარმომადგენლები აბსოლუტურად ყველა კითხვაზე სცემენ პასუხს, არ მგონია, რომ რომელიმე ეპისკოპოსს ან სასულიერო პირს პრობლემა ჰქონდეს, ამიტომ ის, რომ რომელიღაც სასულიერო პირმა რომელიღაც მონასტერში ჟურნალისტისთვის მიუღებელი კითხვები თქვა, არ მგონია იმის საფუძველი იყოს, რომ ჩენ ვისაუბროთ პრობლემაზე სასულიერო პირებს და ჟურნალისტებს შორის". - თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა. 

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ მათთვის არასასურველი კითხვები ჟურნალისტების მხრიდან რესპონდენტებზე ძალადობაა. განსაკუთრებით უარყოფით განწყობებს ამჟღავნებენ ფორმულას, ტვ პირველის და მთავარი არხის მიმართ. 

ანალოგიური მიდგომა აქვს საქართველოს საპატრიარქოსაც

28 აგვისტოს ფორმულას ჟურნალისტზე თავდასხმას საპატრიარქო დღეს ძველი, 22 ივლისის განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც პირდაპირ არის ნათქვამი, რომელი ტელევიზიებია მიუღებელი საპატრიარქოსთვის: ფორმულა, ტვ პირველი და მთავარი არხი

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლების და საპატრიარქოს ეს მიდგომები ახალისებს მედიაზე ძალადობას. 


close დახურვა