საქართველოს საპატრიარქო ბერის მხრიდან ფორმულას ჟურნალისტზე აგრესიულ თავდასხმას უკვე მესამე დღეა, არ გმობს.
თავკვეთულას მონასტერში მცხოვრებმა ბერმა იოანემ ლუბა გიორგაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა 28 აგვისტოს მიაყენა, მაშინ, როცა ჟურნალისტი სამონასტრო კომპლექსში უკანონო მშენებლობის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების შესახებ კითხვების დასმას ცდილობდა.
ფორმულა მომხდარის შესახებ 28 აგვისტოდანვე სთხოვდა კომენტარს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძეს.
ჟურნალისტებს მან პასუხი დღეს, 30 აგვისტოს გასცა და თქვა, რომ მომხდარს საპატრიარქო ეპარქიის მმართველის შემდეგ შეაფასებს.
ფეისბუქზე კი ხელახლა გამოქვეყნდა ძველი, 22 ივლისის განცხადება, რომელშიც პირდაპირ არის ნათქვამი, რომელი ტელევიზიებია მიუღებელი საპატრიარქოსთვის: ფორმულა, ტვ პირველი და მთავარი არხი.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ჟურნალისტები თავად ესხმიან თავს საპატრიარქოს და "ეკლესიაზე სერიოზულ შეტევას ახორციელებენ".
საპატრიარქოს ძველ განცხადებაში ნახსენებია 5-6 ივლისი, როცა საპატრიარქოს მიერ წახალისებული მოძალადე ჯგუფები ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს და ნათქვამია, რომ ეს სამი ტელეარხი "სიძულვილის ენით განსაკუთრებით გამოირჩევა".
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 22 ივლისის განცხადების ხელახლა გაზიარებით ჟურნალისტებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თავად მათ - მსხვერპლებს დააკისრა და არა მოძალადეებს.
"ხშირად აღნიშნული ტელეარხების ჟურნალისტები (ვფიქრობთ, ხელმძღვანელთა დავალებით) ინფორმაციის ობიექტურად გაშუქების ნაცვლად, აჟღერებენ მიკერძოებულ შეფასებებს და უსაფუძვლო ბრალდებებს, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ფაქტებს და ცდილობენ, პროვოკაციული კითხვებით წონასწორობა დააკარგვინონ რესპონდენტს; შემდეგ კი, კონტექსტიდან ამოგლეჯილ, დამონტაჟებულ ისეთ სიუჟეტებს უშვებენ, რომ მაყურებელმა სასულიერო პირი მოძალადედ აღიქვას". - წერია 22 ივლისის განცხადებაში.
ლუბა გიორგაძეს, რომელიც თავკვეთულას მონასტერში 28 აგვისტოს კითხვების დასასმელად ჩავიდა, ბერმა იოანემ უშვერი სიტყვებით აგინა და უყვირა.
"წადი, თქვენი დედა ვატირე. იდი ნახუი რა. ვაფშე აქ აღარ ჩამოეთრიეთ. რა გინდა, შვილო, დეგენერატი ხარ? შეურაცხყოფას გაყენებ კი არა, მამაძაღლი ხარ, არც მკითხე, ისე მომივარდი. ჟურნალისტი კი არა, პირშისტი ხარ, პირში არ აგიღია?". - უთხრა მან ჟურნალისტს.
ახალქალაქის, კუმურდოს და კარის ეპისკოპოსმა, ნიკოლოზმა ფაჩუაშვილმა, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება ბერ იოანეზე, თქვა, რომ ფორმულას ჟურნალისტს ბერმა იოანემ შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, რაც გიორგაძემ ის მდგომარეობიდან გამოიყვანა.
რაც შეეხება 5 ივლისს - ამ დღეს, 18:00 საათზე ღირსების მარში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა დილიდან ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, რა დროსაც 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა, მათ შორის TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.
აქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არავის დაუკავებია.
5 ივლისის ძალადობაშიც საპატრიარქო და ხელისუფლება ისევ მედიას და თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს ადანაშაულებენ და ძალადობას არ ემიჯნებიან.