logo
ENG



მდინარაძე: არც ჩვენ დავახევთ გიორგი გახარიას კალთებს თანამშრომლობისთვის

04 ოქტ 202122:04
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: არც ჩვენ დავახევთ გიორგი გახარიას კალთებს თანამშრომლობისთვის

​ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უპასუხა გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ის ამომრჩეველს არ მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს რომელიმე პარტიას მეორე ტურში. 

მდინარაძის თქმით, არც მმართველი გუნდი აპირებს, გახარიას "კალთები დაახიოს". 

ის, ისევე, როგორც ქართული ოცნების სხვა წევრები, ამბობს, რომ გახარიამ ხმები მათ პარტიას წაართვა. 

"არც ჩვენ დავახევთ კალთებს გიორგი გახარიას თანამშრომლობისთვის. მინდა მივმართო როგორც მის, ასევე ნებისმიერ ამომრჩეველს - წინ არის მნიშვნელოვანი და პრინციპული მეორე ტური.

მეორე ტურში დარწმუნებულები ვართ, რომ იქნება გამარჯვება, რომელიც მათივე სპეკულაციურად დასმულ კითხვაზე რეფერენდუმთან მიმართებაში გასცემს საკადრის პასუხს. 

ოდესაც რომელიღაცა პოლიტიკური ჯგუფი კადრულობს იმას, რომ წინასწარ შემოდის წაგებულ თამაშში იმიტომ, რომ ხმები გამოართვას, წაართვას ქართულ ოცნებას ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ, მისი მხრიდან მსგავსი ლოგიკა, როგორც მინიმუმ, მარტივად რომ ვთქვათ, მისაღები არ არის". - ამბობს მდინარაძე.

მისივე თქმით, ქართული ოცნება ოლქების უმრავლესობაში მეორე ტურს მოიგებს და საკრებულოებს უმრავლესობით დააკომპლექტებს. 

"ბევრი ნამდვილად არ არის ოლქი, სადაც შეიძლება უმრავლესობა ვერ შევქმნათ, ერთი არის ასეთი და შეიძლება ეს იყოს ზუგდიდში, სხვაგან ჩვენ უმრავლესობას დავაკომპლექტებთ. ზუგდიდშიც ვნახოთ როგორ იქნება.  ჩვენ ამ უმრავლესობით ვაპირებთ საქმე გავაკეთოთ, სხვები აპირებენ არეულობა". - თქვა მდინარაძემ

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტური 30 ოქტომბერს ტარდება. მერობისთვის ბრძოლა მეორე ტურში 20 ქალაქში გაიმართება. 

ასევე, მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები. 


close დახურვა