დასკვნა, რომელსაც მთელი პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო სექტორი 2 თვეა ელის - ეუთო/ოდირიდან პასუხი ჩამოვიდა, ოპოზიციის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტზე, რომელიც არჩევნების, ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას ითვალისწინებს. პაკეტს ხელს 30 მდე პარტია აწერს. დასკვნაში წერია, რომ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მხოლოდ ორგანული კანონის შეცვლას ითხოვს და არა კონსტიტუციის.
დასკვნასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთეს მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.
„გერმანული მოდელის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა იყო, არის და იქნება შეუძლებელი. თუ ვინმე ცდილობს სიტყვების მანიპულირებით, ეს მოდელი, ის მოდელი, გერმანულთან მსგავსი მოდელი - ამაზე იმანიპულიროს და რაღაცა მოატყუოს ხალხს, ჩვენ ხალხს არ მოვატყუებინებთ.
გუშინწინ შეეცადნენ ხალხის მოტყუებას, რომ ბათუ ქუთელია არ იყო ნახსენები არსად კონტრაქტში და არც ნაცების ლობის კომპანიაში და აღმოჩნდა, რომ იყო. ახლა ყურადღებით გავეცნობით დასკვნას და ხვალ დასკვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.