საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ 29 აპრილს მათ მიერ დაგეგმილი შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილიც იქნება.
"დიახ, ბატონი ბიძინა აქციაზე აუცილებლად იქნება. ეს მისი სურვილია და ის დაესწრება აქციას", - ამბობს მდინარაძე.
ქართული ოცნება 29 აპრილს, პარლამენტთან, რუსული კანონის მხარდამჭერ შეკრებას აანონსებს. პარტია განცხადებას ავრცელებს და ირწმუნება, რომ შეკრებას "მხარდამჭერთა თხოვნით" მართავს.
განცხადებაში მმართველი პარტია ირწმუნება, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგე ადამიანები "უმცირესობაში" არიან და კვლავ თავს ესხმის ოპოზიციას, NGO-ებსა და პრეზიდენტს, რომლებიც მათი მტკიცები, "ხალხის სახელით საუბრობენ".
"ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.
მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტმა თანამოქალაქეებმა მთელი ქვეყნიდან ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას", - ნათქვამია ოცნების განცხადებაში.