უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის შესახებ ჩანაწერის გაჩენა "თაღლითობა და ცარიელი შანტაჟია."
მდინარაძე ირწმუნება, რომ ვიზალიბერალიზაციას "ვერაფერი დაემუქრება", რადგანაც ამ პროცედურის დაწყებას სამართლებრივი საფუძველი სჭრდება, რაც, მისი თქმით, "ათასგზის გაუფასურებული რეზოლუცია ვერ იქნება."
სოციალურ ქსელში იგი ასევე წერს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია ბოროტებასა და გამჭვირვალობას უჭერს მხარს და აქედან გამომდინარე, მას ევროპასთან საერთო ნაკლებად აქვს.
"ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას (მსგავსი საკითხის ინიციირებასაც კი), ჭირდება კონსენსუსი, ანუ ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან და მეტი არაფერი!
იმაზე არაფერს ვამბობ, რომ პროცედურის დაწყებაც კი შეუძლებელია, რადგან მას სამართლებრივი საფუძველი ჭირდება და ეს საფუძველი შეკვეთილი და ათასგზის გაუფასურებული რეზოლუცია ვერ იქნება, რომელსაც არავითარი ძალა ისედაც არ გააჩნია!
მოკლედ, ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება!
ამავე დროს, რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის სანქცირების და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, ასევე გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების კანონპროექტების გაწვევის მოთხოვნას ეხება!
ეს ნიშნავს, რომ ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია, ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, გაუმჭვირვალობას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და მას საერთო არც ევროპასთან, არც ევროპელობასთან არაფერი აქვს და ის ქართული საზოგადოებისათვის აბსოლუტურად ამორალური და კატეგორიულად მიუღებელია!", - წერს მდინარაძე.