logo
ENG



მდინარაძე: თვეებია შაჰინს სიტყვა არ დაუძრავს, როგორც კი ვარჰეიმ კარგი თქვა, რეაქცია მოჰყვა

17 ნოე 202213:31
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე საქართველოს დაფინანსებასთან დაკავშირებით აშშ-ის სენატში ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებულ განცხადებას ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებებს უკავშირებს და ირწმუნება, რომ შაჰინს "ნეგატიურ დღის წესრიგზე გადასვლის" მცდელობა აქვს.

"თვეების განმავლობაში ქალბატონ შაჰინს სიტყვა არ დაუძრავს საქართველოზე და ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ევროკავშირის გაფართოების კომისარმა ძალიან პოზიტიური განცხადებები გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ დღის წესრიგზე გადაყვანის მცდელობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს. მერე უკვე ის ილაპარაკებდა დაფინანსებაზე, რომლის დიდი ნაწილი NGO სექტორს შეეხება, არ აქვს ამას მნიშვნელობა. პირველხარისხოვანი არის ის, რომ თვეების განმავლობაში არ მოგვისმენია არც პოზიტიური და არც ნეგატიური გზავნილი მათი მხრიდან და როგორც კი ევროკავშირის გაფართოების კომისარმა კარგი რაღაც თქვა საქართველოზე, იმ წუთას მოყვა ამას მყისიერი რეაქცია"- ამბობს მდინარაძე.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორებმა თქვეს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დახმარების სისტემა, შესაძლოა, შეიცვალოს და ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული გახდეს.

ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული დახმარების სისტემა ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეასრულებს რეფორმებს, პარტნიორების მხრიდან მიიღებს დახმარებას.

სენატში შეშფოთებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ საქართველოში არის დემოკრატიის უკუსვლა. მათი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. 

"

ფაქტია, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ყო მთავარი ვალდებულება. ასე უთხრა საზოგადოებას საქართველოში, შეერთებულ შტატებსა და ევროპულ გაერთიანებასაც, მაგრამ აშკარად გადაუხვიეს საკუთარ ვალდებულებას, ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ვიფიქროთ სხვა არჩევანზე და შევეცადოთ ისინი ანგარიშვალდებულები გავხადოთ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ამას შედეგი მოყვება და შესაძლოა, ზოგიერთი შედეგი დაკავშირებული იყოს დახმარებასთან, რომელიც გვინდა, რომ ქვეყანას მივცეთ. გეთანხმებით, რომ ქართველი ხალხის ბრალი არაა, მთავრობის ბრალია,მაგრამ რაღაც ეტაპზე საჭიროა მათ მთავრობას უფრო მეტი ანგარიშვალდებულება მოსთხოვონ"- განაცხადა ჯინ შაჰინმა.


close დახურვა