logo
ENG



მდინარაძე: კახი გამორჩეულია, მას შეუძლია იყოს პრინციპული და თან გაგვაკვირვოს ჰუმანურობით

16 დეკ 202017:10
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/16/5vap1obf2kido65.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გუშინ აფრიკის დასახლებაში არსებული თვითნებური შენობა-ნაგებობების მესაკუთრეები დემონტაჟის შესახებ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები. მისი თქმით, არც ერთი ნაგებობა, რომელიც გუშინ მერიის გადაწყვეტილებით დაინგრა, არ იყო საცხოვრისი, რადგან ყველა მათგანი მშენებარე იყო. 

"ყველა შენობა, რომლის დემონტაჟიც მოხდა, იყო უკანონო და ამავე დროს მშენებარე (და არა დასრულებული) ნაგებობა", - ამბობს მდინარაძე, - "გუშინ არ მომხდარა არც ერთი ადამიანის საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლება - ეს შეგნებულად გავრცელებული ცრუ ინფორმაციაა". 

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე დემონტაჟი მართლაც მშენებარე ნაგებობებს შეეხო, თუმცა, მიუხედავად ამისა, დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ მშენებარე ნაგებობები მათი ერთადერთი საცხოვრისი იყო, რომელიც გააჩნდათ. მათ ნაწილი აცხადებს, რომ ნაგებობების ასაშენებლად უკანასკნელი რესურსები გაიღო, იმ იმედით, რომ ოჯახისთვის აშენებულ თავშესაფარს სახელმწიფო დაუკანონებდა. ზოგიერთ მათგანს დემონტაჟის დროს მშენებლობის პროცესი თითქმის დასრულებულიც კი ჰქონდა. 

დემონტაჟის სასარგებლოდ იმავე არგუმენტს იმეორებს გადაწყვეტილების ავტორი, თბილისის მერი კახი კალაძე, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების თვითნებურ მითვისებას თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ვერ წაახალისებს. 

"მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის ფარგლებში დაიწყო დემონტაჟის პროცესი", - განაცხადა გუშინ კალაძემ და დასძინა, რომ იმ მოქალაქეების ნაწილს, რომლებმაც თვითნებურად დაიწყეს დასახლებაში საცხოვრისის შენება, რეგიონებში უძრავი ქონება აქვთ. მან თქვა ისიც, რომ დასახლებაში თვითნებურად სახლების მშენებლობა თაღლითურ სქემას შეიძლება უკავშირდებოდეს, თუმცა არ განმარტა, რა სქემას მოიცავს სახელმწიფო უწყებებში გაჩენილი "საფუძვლიანი ეჭვი", - "გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ უბიძგებენ". 

იმ ადამიანების შესახებ კი, რომლებსაც, შესაძლოა, მართლაც არ ჰქონდეთ თვითნებურად აშენებული ნაგებობების გარდა ღამის გასათევი, თბილისის მერმა განაცხადა, - "ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი". 

აფრიკის დასახლების უსახლკარო მცხოვრებლების თავშესაფარში გადამისამართების მიუხედავად, კალაძემ დღის ბოლოს დასახლებაში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს, რომელთა ფოტოც დღის განმავლობაში სოციალურ ქსელსა და მედიაში ვრცელდებოდა, ბინა აჩუქა

მდინარაძე კი დემონტაჟის დაწყების გადაწვყეტილებას პრიცნიპულსა და სახელმწიფო ინტერესებისთვის სასარგებლოს უწოდებს და ამავე დროს, თბილისის მერის ჰუმანურობაზე საუბრობს. 

"კახი ყოველთვის გამორჩეულია იმით, რომ შეუძლია იყოს სახელმწიფო ინტერესების გამტარებელი, ძალიან პრინციპული და ამავდროულად ყველა გააკვირვოს თავისი ჰუმანურობით“, - აცხადებს მდინარაძე.

გუშინ, 15 დეკემბერს დაწყებული დემონტაჟის შემდეგ, აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს გამგეობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას უთხრეს, რომ დემონტაჟის პროცესი გაგრძელდება, მესაკუთრეებს კი გამგეობა ფულად დახმარებასა და ქირით გასვლას შესთავაზებს. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი ქირით გადასვლაზე უარს იტყვიან, ვინაიდან არ აქვთ გარანტია, რომ გამგეობა ამ ვალდებულებას დიდი ხნის განმავლობაში დაფარავს. 

აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე ოლქის მაჟორიტარობის სახელისუფლებო კანდიდატი და ამჟამად უკვე დეპუტატი, სოზარ სუბარი "აფრიკის" დასახლების მცხოვრებლებს მშენებლობების დაკანონებაში დახმარებას დაჰპირდა, თუმცა არჩევნების დასრულების და დემონტაჟის დაწყების შემდეგ სუბარმა განაცხადა, რომ ის მოსახლეობას ვერაფრს დაჰპირდებოდა, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება. 


close დახურვა