ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, მიუხედავად, მისი სიტყვებით, "ოპოზიციის მიერ დაწყებული ცუდი კამპანიისა".
"როცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ითავა მედიაცია, მოლაპარაკების პროცესიდან გასვლა წარმოუდგენელია. სახელმწიფოს ინტერესია, რომ მოლაპარაკება გაგრძელდეს და კონკრეტული შედეგით დასრულდეს. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით.
მიუხედავად ამ ძალიან ცუდი კამპანიისა, რომელიც მათ ფალსიფიცირებული და კუდის მიერ მოსმენილი ჩანაწერებით დაიწყეს, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, საქართველოს მეტი გზა წარმოუდგენელია, რომ ჰქონდეს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სიმართლეს და დასავლელი პარტნიორების მცდელობას, მივიღოთ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები". - ამბობს მდინარაძე.
მისივე თქმით, ოპოზიციამ ფარული ჩანაწერები მას შემდეგ გაავრცელა, რაც ირაკლი ღარიბაშვილი დაინახა შარლ მიშელის გვერდით, გადაწყვიტა, მოლაპარაკების პროცესი ჩაეშალა და ეთქვა, რომ არ აპირებს ღარიბაშვილთან და ოცნებასთან ლაპარაკს.
მას შემდეგ, რაც ტვ პირველის ეთერით გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან ერთად არასრულწლოვნების მიმართ ანგარიშსწორებას გეგმავს, ოპოზიციის ნაწილმა თქვა, რომ მოლაპარაკების პროცესში ღარიბაშვილთან საუბარს არ აპირებდა.
დღეს, 8 მარტს, მსჯელობის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სასურველია, ქართულმა ოცნებამ წარმომადგენელი შეცვალოს, თუმცა, თუ ასე არ მოხდება, ისინი მოლაპარაკებებს მაინც გააგრძელებენ და ხელისუფლებას რადიკალური ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ მისცემენ.
***
ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.
ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა.
ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა.
თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები.
1-ლ მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ოფიციაური შეხვედრები გამართა, მათ შორის, მოაწყო შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ. მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ხაზგასმულია პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ასევე, მოთხოვნილია სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების გატარება.
მისივე თქმით, შედეგებით 16 მარტს დაინტერესდება - სწორედ 16 მარტს ტარდება ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომა.