ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თუ ოპოზიციას ფარული ჩანაწერის გამოძიება სურს, შევიდეს პარლამენტში და თავად შექმნას საგამოძიებო კომისია.
მან ალეკო ელისაშვილის განცხადება დააზუსტა, რომელმაც მდინარაძის კომენტარამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოვიდა საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეით.
საქმე TV პირველის ეთერით 6 მარტს გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს ეხება, რომლის მიხედვითაც ბერა ივანიშვილი და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ. ჩანაწერის მიხედვით, დავალებებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი, ანზორ ჩუბინიძე ასრულებს.
"ოპოზიციას აქვს მნიშვნელოვანი ბერკეტი, ალბათ ენმ-ის წარმომადგენლებს არც დაესიზმრებოდათ, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ოპოზიციას ჩამოეყალიბებინა საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებდა ნებისმიერ საკითხს. დღეს, ამ სიტუაციაში, როცა ამ ფაბრიკაციის გავრცელებით და მასზე აღშფოთებით თავად არიან დაკავებული, შეუძლიათ პარლამენტში შემობრძანდნენ და თუ ამ ფაბრიკაციისა და ცრუ ნარატივის მართლა სჯერათ, საგამოძიებო კომისია თავადვე შექმნან. დარწმუნებული ვარ, თუ ოპოზიციას „ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან შეკვეთილი ძალადობის ამ სისულელეების, ოდნავ მაინც სჯერათ, ამ კომისიის შექმნის შანსს არ გაუშვებენ ხელიდან.
თუ ვინმეს სჯერა ამ ძალადობის ან იმის, რომ ეს არა 2010-2011 წლებში მოხდა, არამედ მოგვიანებით და კერძო პირები კი არ იყვნენ, არამედ წარმოადგენენ სახელმწიფო თანამდებობის პირებს, ამ ცრუ ნარატივის 1%-თაც თუ მაინც სჯერათ, აქვთ საგამოძიებო კომისიის შექმნის ბერკეტი და გამოიყენონ ეს". - თქვა მდინარაძემ.
ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება მისი გავრცელებიდან 3 დღის შემდეგ დაიწყო, კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და გავრცელების მუხლებით.
ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.
ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა.
ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.