logo
ENG



მდინარაძე: ოპოზიციას ვთავაზობთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობაზე კანდიდატები წარადგინოს

15 მაი 202321:28
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: ოპოზიციას ვთავაზობთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობაზე კანდიდატები წარადგინოს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს, 16 მაისის დღის ბოლომდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატები წარადგინონ. ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხვალ უნდა წარადგინონ მოკლე დასაბუთება, თუ რატომ უჭერენ მხარს კონკრეტულ კანდიდატს. 

"მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან, 15-მდე კანდიდატი აკმაყოფილებს, როგორც კომპეტენტურობის, ასევე კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს, რაც კარგად გამოჩნდა მათთან გასაუბრების დროს, რომელიც გაიმართა საქართველოს პარლამენტში.

ჩვენი პოზიციით, ჩვენ არ შევზღუდავთ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს და ოპოზიციაში შემავალ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს ვთავაზობთ, რომ წარმოადგინონ მცირე დასაბუთებით მათთვის მისაღები კანდიდატები ხვალინდელი დღის განმავლობაში. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ, არის თუ არა პრაქტიკული შანსი, რომ ამ საკითხზე მიღწეული იყოს კონსენსუსი. თუ იქნება დადებითი შედეგი, მაშინ კიდევ უფრო ჩქარა ვიზრუნებთ იმაზე, რომ კენჭისყრა მოხდეს.

ყველა შემთხვევაში ამაზე ვიზრუნებთ, თუმცა უმჯობესი იქნება, რომ ჩვენი პოზიციები რაღაც ნაწილში დაემთხვეს. ჩვენ ხვალ ველოდებით მათი მხრიდან კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებულ პოზიციას, რატომ არის მისაღები და რატომ დაუჭერენ მხარს კონკრეტულ ადამიანებს"- თქვა მდინარაძემ.

2021 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 არამოსამართლე წევრს: ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ნაზი ჯანეზაშვილს და ზაზა ხარებავას უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ.

5 წევრის პოზიციაზე 32 კანდიდატს ჰქონდა განცხადება შეტანილი, მათგან ერთმა, ანა აბაშიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

10 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაასახელეს 5 კანდიდატი, რომლებსაც მხარს დაუჭერენ.


close დახურვა