logo
ENG



მდინარაძე: ოპოზიციის მიზანი მოლაპარაკების ჩაშლაა - არ ვაპირებთ რადიკალიზაციაში ჩაყოლას

07 მარ 202113:59
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ტვ პირველის ეთერში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები პასუხია ეუთო/ოდირის ​საბოლოო დასკვნაზე, რომელიც, მისი შეფასებით, 2020 წლის არჩევნების შესახებ ძალიან პოზიტიური იყო. 

საქმე ეხება ბერა ივანიშვილის საუბარს ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან - ივანიშვილი მათ არასრულწლოვნებზე ძალადობას ავალებს და დასჯის შედეგებს განიხილავს. 

"იციან, რომ მათი მხრიდანაც გადმოსადგმელია ერთი კომპრომისული ნაბიჯი მაინც. მათი ნაწილი განიხილავს კიდეც ასეთი წინადადების უახლოეს დღეებში დაყენებას.

და რას აკეთებს ,,ის’’, ვისაც შეთანხმების გაგონებაც არ უნდა - შავი არქივიდან იღებს ძველ ფარულ ჩანაწერებს, ჩეხავს, ამონტაჟებს, ცვლის კონტექსტს, შინაარსს და ამ გაყალბებული რეალობით ხელახლა ცდილობს ხალხის გაბრაზებას, - რადგან წინა რამდენიმე მცდელობამ არ გაამართლა.

სახელი: საინფორმაციო ტერორი საბჭოთა, ,,კაგებეშნიკური" მეთოდებით საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.

მიზანი: მოლაპარაკების ჩაშლა, რევანში, სახელმწიფოს ჩამოშლა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება.

შედეგი: მორიგი წარუმატებელი მცდელობა". - წერს მამუკა მდინარაძე. 

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი "არ აპირებს რადიკალიზაციაში ჩაყოლას". 

"მოლაპარაკების მაგიდასთან ველით მათ თუნდაც ერთ კომპრომისულ წინადადებას.

ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ამას წინ ვერანაირი "კარგად გადაფუთული" ტყუილები ვერ დაუდგება!". - ამბობს ის. 

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.  

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა.

თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 

1-ლ მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ოფიციაური შეხვედრები გამართა, მათ შორის, მოაწყო შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ. მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ხაზგასმულია  პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ასევე, მოთხოვნილია სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების გატარება. 

მისივე თქმით, შედეგებით 16 მარტს დაინტერესდება - სწორედ 16 მარტს ტარდება ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომა. 


close დახურვა