logo
ENG



მდინარაძე: პროვოკაციების ავტორებიც ყველამ იცის და ისიც, ვინ დგას ამის უკან

05 ივლ 202116:48
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: პროვოკაციების ავტორებიც ყველამ იცის და ისიც, ვინ დგას ამის უკან
ფოტო: ვახო ქარელი

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე თბილისის ქუჩებში მასობრივ ძალადობას ეხმაურება და ამბობს, რომ ძალადობის მიზეზი პროვოკაციაა.

ისიც მმართველი გუნდის რიტორიკას აგრძელებს, რომლებმაც პასუხისმგებლობა დაზარალებულებს დააკისრეს და ხელი ნაციონალური მოძრაობისკენ გაიშვირეს. 

"პროვოკაციების ავტორებიც ყველამ იცის და ისიც, ვინ დგას ამის უკან. განცხადებებიც გაკეთდა ჩვენი მხრიდან და ამაზე აღარ შევჩერდები. აქ ყველაფერი ნათელია...

ამ შემთხვევაში ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ ძალადობის ფაქტებს შევეხები: რაც არ უნდა ხდებოდეს, როგორც არ უნდა მოგვწონდეს თუ არ მოგვწონდეს რომელიმე მედიის საქმიანობა, ჟურნალისტის, ოპერატორის თუ მედიის სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობა ყოვლად მიუღებელი, დაუშვებელი და წარმოუდგენელია!", - წერს მდინარაძე Facebook-ზე

მანამდე განცხადება პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა და ქუჩებში მასობრივ ძალადობაზე პასუხისმგებლობა მსხვერპლს და ოპოზიციას დააკისრა

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე აძვრნენ და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა. 

პრაიდის კონტრაქციაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.


close დახურვა