logo
ENG



მდინარაძე: რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება, თუ ოპოზიცია არ ჩაერთვება კომისიის მუშაობაში

02 მარ 202110:30
3 წუთის საკითხავი
 

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.

მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ვადამდელ არჩევნებს, თუ ოპოზიცია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება და არჩევნებში ქართული ოცნების სასარგებლოდ 1%-იან გადაცდომას დაამტკიცებენ.

ფრაქციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკება დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 

"არსებობს კონკრეტული ჩამონათვალი საკითხების, რაც ისედაც იდო მაგიდაზე, უბრალოდ, დაემატა რამდენიმე საკითხი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მყარი პოზიცია ყველა საკითხზე. გუშინ შეხვედრიდან გამოსულმა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება, რომ თითქოს, იქ ვადამდელ არჩევნებზე იყო საუბარი. პირიქით, ამ საკითხზე საუბარი არ არის. არის მხოლოდ იმ შემთხვევაში და ეს ჩვენი პოზიციაა, რომელზეც მყარად ვდგავართ და მომავალშიც ასე იქნება, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, ერთადერთი პირობის გარდა თუ ჩაერთვებიან კომისიის მუშაობაში და 1%-იან გადახრას იპოვიან ოცნების სასარგებლოდ", - განაცხადა მდინარაძემ.

გუშინ, 1 მარტს პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით, შეხვედრა გაიმართა, რომელზეც შარლ მიშელმა ჩარჩო საკითხები მიიტანა, რომელთა შორისაა პოლიტიზირებული მართლმსაჯულების საკითხის გადაწყვეტა/პატიმრების საკითხი, პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ა.შ.

რა ჩარჩო საკითხები მიიტანა შარლ მიშელმა ოპოზიციასა და მმართველი გუნდის შეხვედრაზე - იხილეთ სია.


close დახურვა