logo
ENG



მდინარაძე: როცა ოპოზიცია უარს ამბობს ხმების გადათვლაზე, ესე იგი სიმართლის დადგენა არ სურს

14 ნოე 202018:54
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/14/p7q9440xirzqanc.jpg

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები უარს ამბობენ საარჩევნო უბნების ვიდეო კამერების ჩანაწერების ნახვასა და ხმების გადათვლაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ინტერესი სიმართლის გარკვევა არ არის.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მოთხოვნები "გამოგონილი გაყალბებიდან" გამომდინარეობს და ეს მოთხოვნები ვერ შესრულდება.

"როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს ხმების გადათვლაზე, უარს ამბობს იმ დღის წესრიგში შემოსვლაზე, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები მათ სთავაზობენ ვიდეო კამერების ჩანაწერების ნახვას, გაშიფვრას მის ანალიზს, ხმების გადათვლას და როდესაც ასეთ საკითხებზე უარი გხვდება, კვლავ რადიკალური მოთხოვნები ისმის, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ინტერესი სიმართლის გარკვევა არ არის, მათი ინტერესია მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური მესიჯებით ფონს გასვლა და რაღაც შედეგის მიღება",- განაცხადა მდინარაძემ.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დღეს ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრის II რაუნდი დღეს, 14 ნოემბერს გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან კონკრეტულ წინადადებას ელოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი იმას, რაც ოცნებამ მათ შესთავაზა, აღმაშფოთებელი და მიუღებელი უწოდეს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. მოგვიანებით კახა კალაძემ თქვა, რომ ოპოზიციას 1500 უბნის გადათვლა შესთავაზა, რასაც ოპოზიცია არც განიხილავს, ვინაიდან, მათი თქმით, ამან აზრი დაკარგა. 

პარტიების წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ, რომ 13 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებამ, არ დაეკმაყოფილებინა ოპოზიციის და NGO-ების არც ერთი საჩივარი, დიალოგის ისედაც რთული პროცესი კიდევ უფრო გაართულა. 

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებით, არჩევნების გაყალბების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. 

ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

ამ მოთხოვნით უკვე 3 საპროტესტო აქციაც გაიმართა. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.

 


close დახურვა