"მარტოხელა დედას უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი, ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, ეს გახდა საკამათო თემა", - თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ამბროლაურში გამართულ საკონსტიტუციო განხილვაზე, სადაც ჰომოფობიური კანონპროექტი და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები წარადგინეს. კომენტარს პუბლიკა ავრცელებს.
პუბლიკას ცნობით, შეხვედრაზე ერთ-ერთმა დამსწრემ თქვა: "ბავშვთა უფლებებს და რელიგიურ ღირებულებებს დავიცავთ აგრეთვე იმით, რომ [თუ] პარლამენტი მოამზადებს კანონპროექტს აბორტის წინააღმდეგ და ბავშვთა უფლებები დაცული იქნება მაგითაც".
მდინარაძის პასუხიდან ირკვევა, რომ ამ საკითხზე მსჯელობას აპირებენ, ხოლო აქამდე განუხილავთ ეკლესიასთანაც.
პუბლიკას ცნობით, მდინარაძემ თქვა:
"ეს არის თემა, რომელიც იმხელა მსჯელობის საგანია, და სხვათა შორის, არამხოლოდ აბორტთან დაკავშირებით… შარშან ჩვენ, წლის ბოლოს – ნოემბერ-დეკემბერში, დიდი მსჯელობა და კამათიც, არ დაგიმალავთ, გვქონდა და დიდი ხანი მოვუნდით, ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს ხშირ შემთხვევაში ძალიან სენსიტიური თემაა. არ შევალ სიღრმეებში, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებისკენ არ წავსულვართ ჯერ. ერთის მხრივ არის სამედიცინო მანიპულაციად მიჩნეული, რომელსაც ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლები სასტიკად ეწინააღმდეგებიან, მეორეს მხრივ არის სამედიცინო ჩვენება, რაც დემოგრაფიული ზრდის თვალსაზრისით საჭიროებას წარმოადგენს.
…მაგალითად აბორტთან დაკავშირებით სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში და ა.შ. ბუნებრივი ამბავია, მაგრამ პათოსში ზოგადად გეთანხმებით. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელზეც წელს ჩვენ ვაპირებთ, ვიმსჯელოთ. და რაღაცა შედეგამდე მივალთ… მათ შორის ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით. არც იმას დაგიმალავთ, რომ ეკლესიის წარმომადგენლებთან გარკვეული დისკუსია, კამათი გვქონდა ამასთან დაკავშირებით. მათ უფრო ხისტი მიდგომა აქვთ, ჩვენ უფრო შედარებით რბილი მიდგომა გვაქვს, იმიტომ, რომ ბევრი უშვილო წყვილია, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია… რაღაცა ოპტიმალურ ზღვარზე ალბათ, საბოლოოდ, გავალთ და საერთო თანხმობა რომ იქნება ეკლესიისგან, ჩვენგანაც, ხალხისგანაც, შემდეგ ამ თემებზე მივალთ და ოპტიმალურ გამოსავალს მოვძებნით. ახლა ვერ გეუბნებით, უკაცრავად, ცოტა რთული კითხვაა, სად იქნება ეს ზღვარი, თუმცა ჩვენ შევეცდებით, რომ ერთი მხრივ უშვილო წყვილის ინტერესები დავიცვათ, მეორეს მხრივ, ზედმეტი მანიპულაციებისგანაც დავიცვათ.
მეორეს მხრივ იცით რა არგუმენტებია, საშინელება ხდება თურმე ხალხო, ვერ წარმოიდგენთ ისეთი პრეცედენტები და მაგალითები მოგვიტანეს. ბავშვთა ტრეფიკინგის… ე.ი. უცხოელები ჩამოდიან, როცა რეგულაცია არ არის ხისტი; ასე ვთქვათ, ჭურჭელს ეძახიან ქალს, რომელსაც ხელოვნური განაყოფიერებით ჩაუსახავენ ბავშვს, შემდეგ ყიდიან ამ ბავშვებს და მერე ეს ბავშვები იკარგებიან სადაც უცხოეთში და წარმოუდგენელი ამბები ხდება. ამას ცალკე დაზღვევა სჭირდება, მაგრამ ამის დაზღვევაში ის არ უნდა მოხდეს, რომ აქ ქართველ წყვილს აუკრძალო ბავშვის ყოლა, ბავშვის გაჩენის უფლება.
მერე იყო, მარტოხელა დედას უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი – აი, მაგალითად – „არ ვარ დაოჯახებული” – ქალი ამბობს და „მინდა, რომ მყავდეს შვილი” – ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა. მერე ეს გახდა საკამათო თემა. „ჩემი რაღაცა ფაქტორების გამო არ გავთხოვილვარ” – ამბობენ და „რატომ მართმევ დედობის უფლებას”. ძალიან რთული თემაა და რაღაცამდე უნდა მივიდეთ და მათ შორის ამ აბორტის თემასთან დაკავშირებით.
სამედიცინო თემების დროს გასაგებია, მაგრამ იმის შემდეგ აკრძალვაზე ალბათ უფრო ოპტიმალურ გამოსავალთან მივალთ".