logo
ENG



მდინარაძე: შეუძლებელია, თვეები გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი

20 მარ 202115:42
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: შეუძლებელია, თვეები გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე შეთანხმების ჩაშლაში კვლავ ოპოზიციას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ ვერ შეძლეს კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა მოლაპარაკებების დროს. 

მისი თქმით, სწორედ ამიტომ ვერ დასრულდა ეს პროცესი ქვეყნისთვის სასურველი შედეგით. 

როგორც მდინარაძე ამბობს, მათი წინადადებები ისევ დევს მოლაპარაკების მაგიდაზე. ოპოზიციის შეფასებით კი, მაგიდაზე არაფერი იდო - ზუირაბ ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებული წინადადებები არსობრივად არაფერს ცვლიდა და შეხვედრის ყოველ შემდეგ რაუნდზე "სულ უფრო შორს მიდიოდა მედიატორების მიერ შემოთავაზებული ტექსტის პირველი ვერსიიდან". 

"წინადადებები, ისევ დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე და ოპოზიციას ნებისმიერ მომენტში შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხების მიმღებლობის შესახებ და ნებისმიერ მომენტში მზად ვართ, რომ კვლავ გავაგრძელოთ ამ თემებზე საუბარი. 

სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებების ეს ეტაპი კონკრეტული შედეგით ვერ დასრულდა, ჩვენს ოპოზიციას, რადიკალურს განსაკუთრებით, არ ეყო გამბედაობა, რომ საკუთარი ამომრჩევლისათვის სიმართლე ეთქვა, რომ შეუძლებელია სახელმწიფოს და სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წასვლა და რომ „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ჰქონდა უამრავი კომპრომისული ნაბიჯი, უამრავი კომპრომისული წინადადება, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო წასვლა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გადავიდეთ ახალ დღის წესრიგზე. მართლაც შეუძლებელია, თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი". - თქვა მან. 

19 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაიშალა. 

კრისტიან დანიელსონმა, რომელიც საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წარმოადგენდა, თქვა, რომ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

ოპოზიცია შეთანხმების ჩაშლაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. 

დანიელსონამდე კი საქართველოში თავად შარლ მიშელი იმყოფებოდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას უნდა განეხილათ. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი.


close დახურვა