ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არსებული პოლიტიკური კრიზისის ხანგრძლივად გაგრძელების შემთხვევაში, ოპოზიციას რეიტინგის კლებას უწინასწარმეტყველებს. იმედში სტუმრობისას, ოცნების დეპუტატმა განაცხადა, რომ მოსახლეობა კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ოპოზიციას დააკისრებს და შემდეგ არჩევნებზე მათ მხარს აღარ დაუჭერს.
"ეს კრიზისი დიდი ხანი ვერ გაძლებს, წარმოუდგენელია", - განაცხადა მდინარაძემ, -"თუ ეს ხელოვნური [პოლიტიკური] კრიზისი რეალურ, ეკონომიკურ კრიზისს და პანდემიიდან გამოწვეულს კიდევ უფრო აძლიერებს, აქ უკვე მათ [ოპოზიციას] ბევრი შანსი აღარ აქვთ იმიტომ, რომ არჩევნები მოდის, მოსახლეობაში მათი რეიტინგი ჩამოვარდება 0-მდე. ბოლოს მიხვდებიან ამას და გადადგამენ სწორ ნაბიჯებს".
მმართველი პარტიის ლიდერები ევროკავშირის აქტიური ჩართულობითა და მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებს ნიკა მელიას დაკავების დღიდან ხელოვნურ პროცესად მიიჩნევენ, თუმცა ევროპარლამენტარების მიერ გუშინ გამოქვეყნებულმა ერთობლივმა განცხადებამ ნათელი გახადა, რომ პროცესის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობას, შესაძლოა, ზიანი მიადგეს.
"სასწორზე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის მომავალი დევს", - ვკითხულობთ წერილში, რომელშიც ევროპარლამენტარები საქართველოს ფინანსური დახმარების შემცირებას და მათი გამოყოფისთვის დამატებითი პირობების დაწესებას აანონსებენ.
ევროპარლამენტარები დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და პასუხისმგელბობას მონაწილე მხარეებს, ხოლო განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კი მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა. მის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს არც ერთმა დეპუტატმა ხელი არ მოაწერა.