ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ვლადიმირ პოზნერთან დაკავშირებული სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი "ფსევდო პატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერიაა".
მდინარაძის თქმით, აქტივისტებს არც პოზნერი აინტერესებთ, არც აფხაზეთი და სამაჩაბლო.
"დასაფიქრებელია, რა რეაქცია უნდა მოყოლოდა ნაცმოძრაობის სიის პირველი ნომრის ქმედებას, რომელმაც რუსთაველის გამზირზე, სადაც ქართველი ახალგაზრდების სისხლია დაღვრილი, რუსული სიმღერით დააგვირგვინა ნაცმოძრაობის საარჩევნო კამპანია. უნდა გავაჩეროთ თუ არა ქვეყანაში პუტინთან ერთად პაკლონნაია გარაზე მდგომი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე. ვიმსჯელოთ, უნდა ჰქონდეს თუ არა კაგებეს სამჭედლოში გამოზრდილ ელენე ხოშტარიას ქართულ პოლიტიკაში ყოფნის უფლება. მაშინ ვიმსჯელოთ, რა ვუქნათ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისვე თქმით, ფეესბეს რევოლუციის მედროშე ირაკლი ოქრუაშვილს, რა ეშველება რუსეთში მცხოვრები ოლიგარქის, მინდია გულუას პრორუსული პარტიის პრესსპიკერ გიგა მაქარაშვილს და საერთოდ, უნდა დავაყენოთ საკითხი, ახალგორის და კოდორის რუსეთისთვის გადამფორმებელი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს თუ არა ამ ქვეყანაში", - აცხადებს მდინარაძე.
ამასთან, მდინარაძის თქმით, აქტივისტებს ქვეყანაში დესტრუქციის მცდელობა აქვთ.
"ცოტა უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით საკითხს, ეს ყველაფერი არის ფსევდო პატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია. ნაცაქტივისტებს არც პოზნერი აინტერესებთ, არც აფხაზეთი და სამაჩაბლო, მათ სრული ისტერია აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ და ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის ქვეყანაში მუდმივი რყევები და დესტრუქციის მცდელობა. ისინი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნაში ხედავენ საკუთარ შანსს და ამ ნაწილში ტრადიციულად, მათი და რუსეთის ინტერესები სრულ თანხვედრაშია", - აცხადებს მდინარაძე.
ცნობისთვის, პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ.
ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.
ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".