ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიას გუნდის ბრალდებებს პასუხობს და მათ "უფუნქციო პარტიას" უწოდებს, რომელთა დევნა "არარელევანტური" იქნებოდა. მდინარაძის აზრით, გახარიას გუნდი თავისი განცხადებებით ცდილობს, აქტუალური იყოს.
"უფუნქციო პარტიის დევნა, მართლა ასეთი ვინმეს რომ უნდოდეს, ასეთს რომ ვინმე კადრულობდეს, მაინც არარელევანტურია. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ქვეყანაში ამას არავინ არ კადრულობს. როდესაც ეს ხალხი ასეთ განცხადებებს აკეთებს, ისინი სიტუაციით სარგებლობას ცდილობენ, ცდილობენ აქტუალურები იყვნენ", - თქვა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
გახარიას გუნდში ამბობენ, რომ მათ მხარდამჭერს აკაკი ბართაიას იარაღი ჩაუდეს და მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
"იარაღი ჩაუდეს და დააკავეს ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, აკაკი ბართაია, რომელსაც ჯერ ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ შეეწყვიტა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დაჭერით, რამდენიმე დღეში კი მას იარაღი ჩაუდეს ავტომანქანის საბარგულში. ეს მოხდა 16 აგვისტოს. საქმის მასალები ადვოკატისთვის ცნობილი გახდა გუშინ საღამოს", - თქვა პარტიის წევრმა ანა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. 17 აგვისტოს კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ მათ სუს-ის თანამშრომლები დაყვებიან.
ქემოკლიძის თქმით, თელავსა და გურჯაანში საარჩევნო შეხვედრების დროს გიორგი გახარიას ავტომობილს მანქანებით მიყვებოდნენ და აკვირდებოდნენ, ვის ხვდება ყოფილი პრემიერმინისტრი.