logo
ENG



მდინარაძე ევროპარლამენტში დებატებზე: ეს იყო შეტევა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე

09 ივნ 202213:13
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე ევროპარლამენტში დებატებზე: ეს იყო შეტევა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტში გამართული დებატები "საქართველოს ხელისუფლებაზე" შეტევაა.

მდინარაძე ამბობს, რომ ერთი თვის წინ ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება განიხილეს, მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც დადებითაც შეაფასეს გამოხატვისა და მედიის თავისუფლების დაცვა. მისივე თქმით, იმ დროს, როდესაც საქართველო წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ელოდება, მსგავსი დებატები არ უნდა გამართულიყო.

"როდესაც ერთი თვის წინ ასეთი ცალსახად პოზიტიური დასკვნა გამოდის ევროპის მხრიდან და ერთი თვის თავზე ჩვენი ევროპელი კოლეგები, სამწუხაროდ, გამოდიან და აბსოლუტურად შებრუნებულ და კატასტროფულ სიტუაციას ხატავენ და ამგვარად უტევენ საქართველოს ხელისუფლებას, რეალობას და ამ რეალობის საწინააღმდეგო ფეიკს ავრცელებენ, უკვე არა კონკრეტულ ლოკალურ დონეზე, არამედ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ეს არის შეტევა საქართველოზე. და კითხვაზე რა შეიცვალა ამ ერთი თვის განმავლობაში, ერთი ადამიანის დაკავება შეუძლებელია ამგვარად ცვლიდეს დამოკიდებულებას იქიდან გამომდინარე, რომ არავინ საუბრობს მის დანაშაულზე/უდანაშაულობაზე, მხოლოდ იმ ფეიკებზე, რომელიც თვითონ მოიგონეს. სინამდვილეში შეიცვალა ერთი რამ, გაჩნდა ინტერესი, რომ საქართველოს შეექმნას ხელოვნური ბარიერები, იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც ახლა მიდის. რა დროს ამ რეზოლუციის პროექტის, რა დროს ამ დებატების დარეგისტრირება იყო კონკრეტულად ერთი მიმართულებით, როდესაც ეს ყველამ იცოდა, ნაცმოძრაობამ საქართველოში, მათმა ლობისტებმა, დავალებების მიმცემებმა საზღვარგარეთ, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ასეთი დებატები ამ დროს არის შემაფერხებელი, მხოლოდ დაბრკოლების შემქმნელი" , -თქვა მდინარაძემ.

ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების უფლებასთან დაკავშირებით რეზოლუციას განიხილავენ, რომელსაც კენჭს 9 ივნისს უყრიან. დებატების დროს ევროპარლამენტში განაცხადეს, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა.

განხილვის საგანი იყო მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებაც. ვალდის დომბროვსკის თქმით, გვარამიას სასჯელი ეწინააღმდეგება ნდობისა და დამოუკიდებლობის საკითხებს. 

ევროპარლამენტარებმა მკაცრად გააკრიტიკეს ხელისუფლებაც. მათ ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილზეც. მარკეტა გეროგოროვამ მას კრემლთან კავშირების მქონე ოლიგარქიც უწოდა. 

მედიის თავისუფლების გაუარესებული მდგომარეობისა და ხელისუფლების კრიტიკის მიუხედავად, ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. 


close დახურვა