logo
ENG



მდინარაძე კანონზე: იყო ტყუილის საფრთხე, მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ ჩაიხურება საკითხი

09 მარ 202323:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/09/t3qse15tv7muik3.jpeg

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ვინაიდან რუსული კანონის გაწვევის "გადავადებასთან დაკავშირებით ტყუილის გავრცელების საფრთხე არსებობდა" ოცნებამ მოიფიქრა იურიდიული გადაწყვეტა, რათა საკითხი ბიუროს და პლენარულ სხდომებზე გაეტანათ.

ამის შესახებ მდინარაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა მიიღო "პრაქტიკულად და პოლიტიკურად ისეთი გადაწყვეტილება, რომ ეს საკითხი ხვალვე ჩაიხურება."

მდინარაძე აცხადებს, რომ მომდევნო სასესიო კვირამდე საკითხის განხილვა შეუძლებელი იქნებოდა გარდა იმ შემთხვევისა თუ პრეზიდენტი არ ჩანიშნავდა რიგგარეშე სხდომას, მაგრამ "პრაქტიკაში ჩნდებოდა საფრთხე ვინმეს საზოგადოებისთვის ახალი ტყუილი არ შეეთავაზებინა გადავადებასთან დაკავშირებით ან რომ ჩვენ ამ პოლიტიკურ ნებას არ ავსახავდით გადაწყვეტილებაში" - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ვინაიდან კანონპროექტის ინიციატორებმა მიმართეს პარლამენტს რომ განხილვაზე უარს ამბობენ მოიფიქრეს შემდეგი იურიდიული გადაწყვიტა, რომ იურიდიული კომიტეტი აღარ განიხილავს კანონს და პირდაპირ ბიუროს წარედგინება კანონი, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე გავა

„დღეს მთელი დღის განმავლობაში უკვე ვხედავდით, გაიგეს თუ არა იმ ადამიანებმა ვისაც უფრო ეწყინათ ვიდრე გაუხარდათ ეს გადაწყვეტილება, პოლიტიკოსებზე მაქვს საუბარი, ვითომ ამ გადაწყვეტილებაზე მიდიოდნენ თავისი ე.წ ბრძოლით, ისინი ვეღარ მოახერხებენ იმას, რომ ახალგაზრდები კიდევ და ზოგადად საზოგადოების ის ნაწილი, რომელთანაც ჰქონდათ ეს შეცდომაში შემყვანი კამპანია და ამის ობიექტად ქცევის სამწუხაროდ, გარკვეულწილად წარმატებული მცდელობებიც კი, აი ამ ადამიანებზე ამგვარი ზემოქმედება რომ ვეღარ მოეხდინათ, ვიფიქრეთ, რომ ჩავხუროთ  ეს საკითხი და ამით სპეკულირების საშუალება არ მივცეთ. ამიტომ მივიღეთ იურიდიულად ამგვარი და პრაქტიკულად და პოლიტიკურად ისეთი გადაწყვეტილება, რომ ჩაიხურება ხვალვე ეს საკითხი.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

10 მარტს დილის 12:00 საათზე პარლამენტში პლენარული სხდომა, 11:45 საათზე კი ბიუროს სხდომა ჩაინიშნა. 

მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს, დილას განაცხადა. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც. 

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს. 

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 

შსს-მ 2 დღეში აქციებზე ჯამში 133 ადამიანი დააკავეს, დღეს საღამოს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლეს.


close დახურვა