logo
ENG



მდინარაძე მანდატებზე: შეიძლება, ოპონენტების ნაწილს საბოლოო გადაწყვეტილება არ მოეწონოს

01 თებ 202122:36
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/01/a9juzqrca1cj3he.jpg

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარტიის პოლიტსაბჭომ ოპოზიციის მანდატებთან დაკავშირებით "გადაწყვეტილების პროექტი" შეიმუშავა, თუმცა ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ისაუბრეს.

მისი თქმით, პროექტს ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე წარადგენენ და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ გამოაცხადებენ.

"სამწუხაროდ, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების პროექტის შესახებ გითხრათ, რადგან ამ პროექტს სჭირდება ხვალ უმრავლესობის ასეთივე პოზიციის დაფიქსირება ან მისივე უარყოფა. თუ ჩვენ ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად ჩამოვყალიბდით პოზიციაზე, ეს ასევე უნდა აისახოს საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებაში. ჩვენ საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებას ხვალ, სხდომის შემდეგ გამოვაცხადებთ", - განაცხადა მდინარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს ოცნების გადაწყვეტილება "შეიძლება, არ მოეწონოს".

"შეიძლება, ჩვენი ოპონენტების გარკვეულ ნაწილს არ მოეწონოს ის გადაწყვეტილება თუ იგივე დარჩა, რაც იქნება გამოტანილი საბოლოო ჯამში. ბოლო პერიოდის განმავლობაში, იმის საპირისპიროდ, რასაც ვხედავთ ჩვენ ტელეეთერებში, ისინი ძალიან გაგულისებული, ხმამაღალ ტონში საუბრობდნენ, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მათი უფლებამოსილება, ამის საპირისპირო მოქმედებებს ვხედავდით. გამოჩნდა, რომ ნერვიულობა იყო და არის ძალიან დიდი იმ ოპოზიციურ პარტიებში, რომლებიც დაჟინებით ითხოვენ, რომ შეუწყდეთ უფლებამოსილება", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საკითხთან დაკავშირებით დღეს, 1 თებერვალს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და ქართულ ოცნებას მოუწოდა, ოპოზიციისთვის მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროს.

იმ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, ბოიკოტის რეჟიმში რჩება და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობს. მათ შესაბამისი განცხადებებით პარლამენტს დიდი ხანია, მიმართეს, თუმცა, ქართულმა ოცნებას მანდატების შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე ამ დრომდე არ გაუტანია. საკითხი კენჭისყრაზე ხვალ, 2 თებერვალს უნდა დადგეს.

მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ დაუწერიათ ზურაბ ჯაფარიძისგან გამოყოფილ პარტია გირჩის დეპუტატებს, ასევე მანდატები შეინარჩუნეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. ისინი პარლამენტში შესვლას აპირებენ და მმართველ გუნდთან ერთად მემორანდუმს მოაწერეს ხელი.


close დახურვა