logo
ENG



მდინარაძე ნავალნის დაღუპვასა და რუსეთის რეჟიმზე საუბრისას პარალელს წინა მთავრობასთან ავლებს

16 თებ 202419:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/16/wrpy5g9uhbnkeid.jpg

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი და უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ალექსეი ნავალნის დაღუპვასა და რუსეთის რეჟიმზე საუბრისას პარალელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან ავლებს. 

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე "არის თუ არა ალექსეი ნავალნი ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მსხვერპლი", უმრავლესობის ლიდერი პასუხობს: "დიახ, რა თქმა უნდა". მისი თქმით, საფუძვლიანი ეჭვები, რაც ვრცელდება ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე, "ძალიან სამწუხაროა".

"დიახ, რა თქმა უნდა, შეიძლება კი არა, საფუძვლიანი ეჭვები, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, რაც ვრცელდება მის გარდაცვალების მიზეზებზე, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, ესეც ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ ამავდროულად, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვახსენებს ასევე ძალიან სამწუხაროდ 2012 წლამდე ჩვენს დაღუპულ ასობით პატიმარს ციხეში. ჩვენ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას ჰყავდა ისეთი ხელისუფლება, რომ დღეს რომ ოკუპანტები ქვეყნის ხელისუფლების პირობებში საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება რა გარემოებებში დაიღუპა კონკრეტული ადამიანი, ეს რომ გვახსენებს სულ რაღაც აგერ 11-12 წლის წინანდელ რეჟიმს, ეს კიდევ უფრო მეტი უბედურებაა ჩვენი ქვეყნის კონტექსტში თუ შევხედავთ ამ ყველაფერს.

ჩვენ ასობით პატიმარი გვეღუპებოდა ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში და ამ რეჟიმს ემსახურებიან დღეს ტელევიზიები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, NGO-ს ზოგიერთ წარმომადგენელი და დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის კონტექსტში საოკუპაციო რეჟიმის კონტექსტში ისმება შეკითხვები, თუმცა არანაირი კითხვის ნიშანი არ აქვთ ამ ადამიანს საქართველოს კონტექსტში და კითხვებიც ისმება ამ საკითხზე. ეს არის პარადოქსი ჩვენი ქვეყნის, თუმცა ის ცალკე აღებული, რაც გითხარით, ეს ჩემი პოზიციაა, რა თქმა უნდა", - ამბობს მდინარაძე.

***

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა

ნავალნი 47 წლის იყო.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომ პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.


close დახურვა