logo
ENG



მდინარაძე ოდიშარიაზე: დიტო სამხარაძეს უთხრა სხვებზე, სახლში შეიძლება უარესი ჰქონდეს ნათქვამი

04 აპრ 202414:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/04/p41cu7hrw2ayx9i.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ბექა ოდიშარიას შეურაცხმყოფელი განცხადება ქალი დეპუტატების მისამართით არ გაუკეთებია. მდინარაძე ამტკიცებს, რომ ოდიშარია თავის მეგობარს - დიტო სამხარაძეს ელაპარაკებოდა და შეურაცხმყოფელი სიტყვები "სხვებზე თქვა".

მდინარაძის თქმით, ეს სიტყვები ოდიშარიას ქალი დეპუტატებისთვის რომ ეთქვა, "გაცილებით ხისტი პოზიცია" ექნებოდათ. ის ამბობს, რომ დიტო სამხარაძისთვის ნათქვამის და ამის "პაპარაცულად გადაღების" გამო, ასეთი დამოკიდებულება არ ექნებათ.

"ბექა ოდიშარიას ის სიტყვები არა თავისი კოლეგისთვის და უმრავლესობის წევრისთვის, არამედ მათთვის რომ ეთქვა, მე მექნებოდა გაცილებით ხისტი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, თუმცა ის უხამსობა მაინც მიუღებელია ჩემთვის. არც ერთი მათგანისთვის არ მიუმართავს, ელაპარაკებოდა თავის კოლეგას და მეგობარს. ვისზეც თქვა, რაზეც თქვა - ელაპარაკებოდა თავის მეგობარს. ასე, სახლში, შეიძლება სახლი და პარლამენტი განსხვავდება, არ უნდა თქვა. აქ, რომ ვიღაცა პაპარაცულად გადაგიღებს, უნდა მიხვდე, ჩემი აზრით, ბექამ ეს ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და უხამსობაც გამოუვიდა ამასობაში ძალიან ცუდი.

ეს რომ მათთვის ეთქვა, იქნებოდა გაცილებით ცუდი რაღაც. არ უთხრა ანა ნაცვლიშვილს, უთხრა დიტო სამხარაძეს სხვებზე რაღაც, სახლში შეიძლება უარესი ჰქონდეს ნათქვამი და არ ვარგა ასეც, არის ძალიან ცუდი. ეს რომ ყოფილიყო მასზე, მისი მიმართულებით ნათქვამი იქნებოდა გაცილებით მკაცრი ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ ახლა, რაღაც უთხრა დიტო სამხარაძეს და თქვენ პაპარაცულად გადაუღეთ, ასეთი დამოკიდებულება არ გვექნება", - ამბობს მდინარაძე.

ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში კვოტირების განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატები შეურაცხმყოფელი, მიზოგინური რეპლიკით მოიხსენია და მათ "მოუტ*ვნელი ქალები" უწოდა.  

"დედა მოვტ*ან თქვენი, მოუტ*ვნელი დედაკაცების ჯოგი. ეს არის მოუტ*ვნელი ქალების სინდრომი, მოუტ*ვნელის", - თქვა ოდიშარიამ პარლამენტში. 

ამ განცხადების შემდეგ, ოდიშარიამ თქვა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მის მიერ გაჟღერებული უცენზურო სიტყვები არავის მისამართით არ იყო ნათქვამი. მან აღნიშნა, რომ მისი "გაბრაზება" არც კვოტირების საკითხს არ ეხებოდა. ამავე დროს, მან გააკრიტიკა მთავარი არხი, რომელმაც ოდიშაირას კადრები გადაიღო და გაავრცელა.


close დახურვა