ერთპარტიულ პარლამენტში, ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზე, რომელიც პლენარული სესიის დარბაზში ტარდება, დეპუტატების ნაწილი ოპოზიციის ადგილებზეც დასხდა.
ოპოზიციის ადგილების მმართველი გუნდის წევრების მიერ შევსება მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, რასაც ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ტრიბუნიდან გამოეხმაურა.
"ეს არის ფრაქციის სხდომა და ბუნებრივია, ფრაქციის სხდომაზე ადგილები არ არის პერსონალურად განაწილებული. ოპოზიციის წარმომადგენლებს შემიძლია მივმართო, რომ დამშვიდდნენ, ადგილებს არავინ ართმევს, პირიქით, დიდი სიამოვნებით ვეპატიჟებით და ველოდებით მათგან მხურვალე ოპონირებას".
პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს უსმენენ. სხდომებს მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებიან, ვინაიდან ისტორიაში პირველად, პარლამენტში მხოლოდ 1 პარტია მუშაობს. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნებს და ბოიკოტის რეჟიმშია. მათ მანდატებზეც უარი თქვეს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.
ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთავაზა.
მიუხედავად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება.
სწორედ ამის გამო, X მოწვევის პარლამენტი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ერთპარტიულია.