logo
ENG



მდინარაძე ოცნების კონტრაქციაზე: თუ პროვოკაციისთვის ვინმე მოვა, პასუხს გასცემს პოლიცია

22 აპრ 202414:19
3 წუთის საკითხავი
 

"თუ პროვოკაციისთვის ვინმე მოვა, პასუხს გასცემს იქ პოლიცია", - ასე პასუხებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე კითხვას, იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას დაპირისპირებაზე, რომელიც შესაძლოა, ოცნების კონტრაქციაზე მოხდეს. 

"გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეები იქ ვერ იქნებიან, იმიტომ იქნება 100 000-ზე მეტი ადამიანი და თუ პროვოკაციისთვის ვინმე მოვა, პასუხს გასცემს იქ პოლიცია და განარიდებენ იქიდან. რა პროვოკაცია უნდა იყოს", - ამტკიცებს მდინარაძე. 

ქართული ოცნება 29 აპრილს, პარლამენტთან, რუსული კანონის მხარდამჭერ შეკრებას აანონსებს. პარტია განცხადებას ავრცელებს და ირწმუნება, რომ შეკრებას "მხარდამჭერთა თხოვნით" მართავს.

განცხადებაში მმართველი პარტია ირწმუნება, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგე ადამიანები "უმცირესობაში" არიან და კვლავ თავს ესხმის ოპოზიციას, NGO-ებსა და პრეზიდენტს, რომლებიც მათი მტკიცები, "ხალხის სახელით საუბრობენ".

"ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.

მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტმა თანამოქალაქეებმა მთელი ქვეყნიდან ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას", - ნათქვამია ოცნების განცხადებაში.


close დახურვა