logo
ENG



მდინარაძე პრაიდზე: თუ რომელიმე ჯგუფის მიზანი პროვოკაციულია, თავი უნდა შეიკავონ

29 ივნ 202123:38
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე პრაიდზე: თუ რომელიმე ჯგუფის მიზანი პროვოკაციულია, თავი უნდა შეიკავონ
ვახო ქარელი/ფორმულა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე "პრაიდის კვირეულზე" საუბრისას ამბობს, რომ თუ რომელიმე ჯგუფის მიზანი პროვოკაციულია, ასეთი ქმედებისგან თავი უნდა შეიკავონ. ამაზე მან ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა.  

"თუ ნებისმიერი განსხვავებული, თუ არაგანსხვავებული, თუ რომელიმე ჯგუფის კონკრეტული აქტივობა ემსახურება არა ვიღაცის უფლების დაცვას, მის გაუმჯობესებას, მისი ხარისხის აწევას, არამედ, პროვოკაციულ მიზნებს, მე პირადად და ჩემი გუნდის წევრების უმრავლესობას ასევე მიაჩნია, რომ ასეთი აქტივობები დამაზიანებელია და ასეთი აქტივობებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს", - თქვა მან.

წამყვანმა მდინარაძეს უთხრა, რომ საქართველოში განსხვავებულობის გამო ადამიანებს ურტყამენ, ფიზიკურად უპირისპირდებიან, რაზეც მან უპასუხა: "არ არის ეს ასე".

"ჩვენ თუ მივყვებით კონკრეტულ, ერთეულ "ქეისებს", რომელიც ჩვენზე მეტია იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენზე მეტი პრეტენზია აქვთ ასეთ საკითხებზე, მაშინ ვნახავთ, რომ სხვაგან უფრო მეტია ასეთი "ქეისები". ჩვენი ქვეყანა არაა უარესი სხვა ქვეყნებზე", - ამბობს მდინარაძე. 

1-5 ივლისის ჩათვლით თბილისში "პრაიდის კვირეული" ჩატარდება. 5 ივლისს კი რუსთაველის მეტროსთან დაგეგმილია მსვლელობა - ღირსების მარში.

ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ. 

საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა.

 


close დახურვა